ახალი ამბები

სამინისტროებმა ათი მილიონი ლარი უკანონოდ მიითვისეს

“ალია”

“თითქმის ყველა მინისტრი წუწუნებს, ბიუჯეტი ჩვენთვის განკუთვნილ თანხებს არ გვაძლევს; რომ არა ჩვენივე გასაცოდავებული სპეცსახსრები (არასაბიუჯეტო შემოსავლები), აქამდე ვერ მოვატანდითო. მაგრამ რეალურად თურმე ეს გასაცოდავებული სპეცსახსრები ათეულ ათასობით ლარს ითვლის და როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ყველაფერთან ერთად ზოგჯერ არაკანონიერიც ყოფილა”, წერს “ალია”.

ანტკორუფციული კომისიის დასკვნის მიხედვით, სხვადასხვა სამინისტროებს საკუთარ სპეცსახსრებზე მარტო ათი მილიონი უკანონოდ ჩარიცხული ლარი აღმოაჩნდათ. ეს ფული რიგითი მოქალაქეების ჯიბიდან არის ამოღებული.

სპეცსახსრები, სადაც მოქალაქეებისგან ამოღებული გადასახადი გროვდება, სახელმწიფო ბიუჯეტში კი არა, ამ კონკრეტული უწყებების ანგარიშებზე მიდის. ფულის გადანაწილება საჭიროებისამებრ მხოლოდ მინისტირს განკარგულებით ხდება. ისინი ხელფასების სახით არასოდეს რიგდება.

ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს არასაბიუჯეტო შემოსავლების ხუთი წყარო აქვს. კომისიის დასკვნით, აქედან კანონიერია მხოლოდ ერთი. ამ დასკვნის მიხედვით, სამინისტროს 2001 წლის 6 თვის მანძილზე ჩაერიცხა 192 536 ლარი.

იუსტიციის სამინისტროშიც საგანგაშო მდგომარეობაა, მიაჩნია გაზეთს. სამინისტროს გააჩნია 9 არასაბიუჯეტო წყარო, რომლიდანაც ხუთია კანონიერი. მის ანგარიშზე აღნიშნულ პიეროდში ჩაირიცხა 252 297 ლარი.

უშიშროების სამინისტრომ მიმდინარე წლის ექვსი თვის მანძილზე მიიღო 16 487 ლარი. კომისიის დასკვნით, ქუთათელაძის უწყებამ ეს ფული კანონიერად მიიღო.

რაც შეეხება შსს არასაბიუჯეტო შემოსავლის წყაროებს, ისინი ყველა უკანონოა და მათი რიცხვი ცხრაა. ამ უწყებამ საკუთარ ანგარიშზე უკანონოდ ჩარიცხა 6 640 165 ლარი.

ანტიკორუფციული სამსახურის ამ ინფორმაციას მალე კონტროლის პალატა შეისწავლის. გამორიცხული არ არის, რომ სპეცსახსრები საერთოდ გაუქმდეს, თუმცა გაზეთს ეჭვი ეპარება, რომ კონკრეტულ სამინისტროებს პასუხი მოეთხოვებათ უკანონოდ მითვისებული მილიონებისათვის.

მსგავსი/Related

Back to top button