ახალი ამბები

უშიშროების მინისტრს თანამშრომლები კანონდარღვევაში ადანაშაულებენ

“რეზონანსი”, “ახალი თაობა”

ორიოდე თვის წინ უშიშროების მინისტრმა საიდუმლო გრიფით გამოსცა მითითება, სათაურით ორიენტირება (“ახალი თაობა”), რომლის მიხედვითაც, უშიშროების თანამშრომლებს ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე აეკრძალათ ჟურნალისტებთან ურთიერთობა.  ამ ბრძანებულების გამო უშიშროების მინისტრს ვახტანგ ქუთათელაძეს სამინისტროს თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. გოგი ჯაბაურისა და სერგო ჯანგველაძის აზრით, ქუთათელაძე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება აზრის თავისუფლებას, ადამიანის უფლებათა დეკლარაციას და ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციას. მათ პოზიციას იზიარებს “თავისუფალ ჟურნალისტთა კლუბი”.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯერ კიდევ უშიშროების თანამშრომლები თავიანთ მინისტრს ღიად აკრიტიკებენ და მის პოსტიდან გადაყენებას მოითხოვენ, წერს “რეზონანსი”.

“ჯაბაური და ჯანგველაძე ხელმძღვანელობაზე განაწყენებული პირები არიან და თანამდებობრივი პრობლემების მოგვარებას სასამართლოს გზით ცდილობენ”, ასე ხსნის უშიშროების სამინისტროს პრესსამსახური ვახტანგ ქუთათელაძის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნას. “რაც შეეხება უშიშროების თანამშრომელთა პრესასთან ურთიერთობის განმსაზღვრელ ორიენტირებას, დოკუმენტმა სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ გაიარა ექსპერტიზა”, აცხადებს პრესსამსახური.

ჯაბაური მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ გადაამოწმოს უშიშროების მინისტრის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი და მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ, უშიშროების სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, სასამართლომ ჯაბაურის სარჩელი არ დააკმაყოფილა, ჯანგველაძის სარჩელი კი ჯერ არ განუხილავს.

თავად უშიშროების მინისტრი ხელქვეითების მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, არ იზიარებს. მისმა პირველმა მოადგილემ ნუგზარ ბაბუციძემ “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ მინისტრის გადაწყვეტილება იურიდიულად გამართლებულია და მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

“აშკარაა, რომ ქუთათელაძეს თავის სამინისტროში ყველაფერი კარგად ვერ აქვს, რაც თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ბოლო დროს მის საწინააღმდეგოდ განწყობილი თანამშრომლების რიცხვმა იმატა”, წერს “რეზონანსი”.

მსგავსი/Related

Back to top button