ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომას ლაყბობა უწოდა

მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე პირველ მომხსენებლად ანტიკორუფციული საბჭოს თავჯდომარე მირიან გოგიაშვილი წარსდგა. მან უკლებლივ ყველა სამინისტრო პირველხარისხოვანი და გადაუდებელი ანტიკორუფციული ქმედებების გაუტარებლობაში დაადანაშაულა. გოგიაშვილმა თავის გამოსვლაში ასევე დააფიქსირა არასამთავრობო სექტორის დიდი მხარდაჭერა საბჭოს მუშაობის პროცესში და აქვე დასძინა, რომ სხვადასხვა სამინისტროები და სახელმწიფო სტრუქტურები ამავე პროცესს სრულ იგნორირებას უწევდნენ. აღსანიშნავია რომ ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელისაგან უფრო კონკრეტულ მოხსენებასა და გვარების დასახელებას ელოდნენ, თუმცა ეს მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა.

გაცილებით მოკლე, მაგრამ საინტერესო იყო იუსტიციის მინისტრის, მიხეილ სააკაშვილის მოხსენება. სააკაშვილის მტკიცებით: “მთავრობის სხდომები და ხელისუფლების მსგავსი შეხვედრები ლაყბობაა და სხვა არაფერი”. იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თუ ხელისუფლებას საქმის კეთების სურვილი აქვს, მაშინ პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს კანონპროექტი “უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნების” და ნაფიცი მსაჯულების სისტემის შემოღების შესახებ.

მთავრობის სხდომის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ კორუფციასთან ბრძოლა თავის უმთავრეს და უპირველეს მიზნად დაასახელა და მოსახლეობასა და მთავრობის წევრებს კორუფციის წინააღმდეგ სახალხო მოძრაობის დაწყებისაკენ მოუწოდა.

არსებული ინფორმაციის თანახმად გაფართოებულ სხდომაზე მწვავე მოხსენებას გააკეთებს ანტიკორუფციული საბჭოს წევრი გივი თარგამაძე. იგი კორუფციაში ამხელს კონკრეტულ პიროვნებებსა და უწყებებს, ამასთან თარგამაძე რამდენიმე მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. სავარაუდოდ ეს მინისტრები იქნებიან: კახა თარგამაძე (შინაგან საქმეთა), ვანო ჩხარტიშვილი (ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის) და ვახტანგ ქუთათელაძე (უშიშროების).

სხდომაზე დაგეგმილია პარლამენტის თავჟდომარის ზურაბ ჟვანიას გამოსვლაც.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button