ახალი ამბები

ქვეშეთი-კობის სადავო გზის მშენებლობისას ოთხი მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 23 ნოემბერს განაცხადა, რომ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი, მათ შორის თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები მოყვნენ ჩამოშლილი მასის ქვეშ. ოთხი მათგანი დაიღუპა, ხოლო ერთი პირი კლინიკაშია გადაყვანილი.

„ფაქტზე დაწყებულია გამოძიება“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში. „საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებას და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას“.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთი დაშავებული რეანიმაციაში რჩება. „ამ ეტაპისთვის თავის, გულ-მკერდის და მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმული დაზიანების ნიშნები არ ვლინდება“.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყო და, დათქმისამებრ, 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. ამ პროექტში კომპანია CRTG-მ, რომელიც 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრაზე იყო პასუხისმგებელი, საქმიანობა უკვე დაასრულა. ქვეშეთი-კობის გზის დარჩენილი ნაწილი, ნაგებობები და ხიდები სხვა ჩინური კომპანიის China Railway 23rd Bureau Group Co. Ltd-ის მიერ შენდება.

ადგილობრივი ექსპერტები ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მშენებლობის რისკებზე საუბრობენ, რომლის მცირე ნაწილიც საქართველოში ქვეშეთი-კობის ავტომაგისტრალია.

This post is also available in: English

Back to top button