
ამერიკელი კანონმდებლები „ქართული ოცნების“ თავდასხმების ფონზე მარკო რუბიოს ყოფილი თანამშრომლების დაცვისკენ მოუწოდებენ
ამერიკელი კანონმდებლების ორპარტიულმა ჯგუფმა მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, დაიცვას აშშ-ის მიერ დასაქმებული ყოფილი პერსონალი, „რომლებიც უსამართლოდ გახდნენ საქართველოს ოფიციალური პირების სამიზნეები“.
5 ნოემბრით დათარიღებულ წერილში, რომელსაც ხელს აწერენ სენატორები ჯინ შაჰინი, როჯერ ვიკერი, ჯონ კურტისი და შელდონ უაითჰაუსი, ასევე კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი, კანონმდებლები მოუწოდებენ რუბიოს, „გარანტიები მიიღოს საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საგარეო სამსახურის ყოფილ თანამშრომლებსა და აშშ-ის მიერ დასაქმებულ სხვა პერსონალს არ დასწამებენ ცილს და არ გახდებიან სამიზნეები“.
„ქართული ოცნების ხელმძღვანელობით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობის აღდგენის სურვილი, თუმცა მათი ქმედებები და განცხადებები საპირისპიროს მეტყველებს“, – ნათქვამია წერილში.
წერილში საუბარია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის 1 ოქტომბრის განცხადებაზე, სადაც ის ამტკიცებდა, რომ ტაილანდში მდებარე საელჩოდან, სავარაუდოდ აშშ-ის მისიიდან, წამოსული თანხები, საქართველოში „რევოლუციური მიზნებისთვის“ გამოიყენებოდა.
კანონმდებლებმა წერილში განმარტეს, რომ ეს სინამდვილეში საპენსიო გადახდები იყო, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული აშშ-ის პერსონალის გათავისუფლების შემდეგ.
„ქართულმა ოცნებამ არ გამოავლინა სერიოზული განზრახვა, რომ მას შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება სურს“, – აღნიშნულია წერილში.
კანონმდებლებმა გააფრთხილეს, რომ ასეთი რიტორიკა „საფრთხეს უქმნის აშშ-ის პერსონალს საქართველოში და ქმნის შემაშფოთებელ პრეცედენტს სხვა უცხო ქვეყნების მთავრობებისთვის“.
„თუ ჩვენ არ დავიცავთ პერსონალს უცხო ქვეყნის მთავრობის თავდასხმებისგან, ეს შეზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, დავასაქმოთ პერსონალი და განვახორციელოთ აშშ-ის პოლიტიკა მსოფლიოს მასშტაბით“, – ნათქვამია წერილში. „მოგიწოდებთ, დაგმოთ ეს თავდასხმები და უზრუნველყოთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაცრად უპასუხოს შეერთებული შტატების სახელით მომუშავე პერსონალის მიზანში ამოღებას, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს“.
This post is also available in: English
