
პოლიციამ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა
თბილისში, პრეზიდენტის სასახლესთან, 4 ოქტომბრის არჩევნების დღეს მომხდარ არეულობაში მონაწილეობისთვის 13 პირია დაკავებული, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 ოქტომბერს გვიან ღამით და დასძინა, რომ მიმდინარეობს მიმალვაში მყოფი კიდევ ორი პირის ძებნა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
6 ოქტომბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ პოლიცია იმ მომიტინგეებს აკავებს, რომლებიც პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეიჭრნენ.
6 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ასევე განაცხადა, რომ პოლიციამ 4 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის კიდევ ორი პირი, რ.შ. და ს.პ. დააკავა.
რ.შ. მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც დადგინდა, რომ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე, ტარების უფლებით, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის. რაც შეეხება მასთან ერთად მყოფ მეორე დაკავებულ ს.ფ.-ს, სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ქალაქ ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან – დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმ ბარათი. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
This post is also available in: English