
უკრაინის საელჩო უარყოფს დაკავებული მოქალაქეების შესახებ შეტყობინების მიღებას
უკრაინის საელჩომ საქართველოში 17 სექტემბერს განაცხადა, რომ ოფიციალურად არ მიუღია ინფორმაცია იმ ორი უკრაინელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ, რომლებიც კიევის მითითებით ქვეყანაში ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით სამთავრობო მედიას განუცხადა, რომ საელჩოს წარმომადგენელს ეს ინფორმაცია მიეწოდა.
საელჩომ განცხადებაში აღნიშნა, რომ „საკონსულო თანამშრომლები ყოვლისმომცველ ზომებს იღებენ, რათა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღონ ნებართვა ზემოაღნიშნულ უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად და მათი დაკავების ყველა გარემოების გასარკვევად“.
საელჩოს განცხადების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელისუფლებო ტელეარხ „იმედს“ განუცხადა, რომ ინფორმაცია მართლაც გაიგზავნა: „მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ერთ-ერთი მოწმე პირდაპირ მიუთითებს უკრაინის სპეცსამსახურებზე როგორც დანაშაულის შემკვეთზე, აღნიშნული ორი პირის დაკავებისთანავე, ჯერ კიდევ იმ ეტაპზე, როცა გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით იყო დაწყებული, კანონით დადგენილი წესით ეცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ჩვენთვის ცნობილია, რომ ასევე დაუყოვნებლივ აცნობა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს, კერძოდ, ანდრი ბილიკს. ამ უკანასკნელს დადასტურებული აქვს შესაბამისი ოფიციალური გზავნილის მიღებაც”. უკრაინის საელჩოს ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ბილიკი საელჩოს საკონსულო საქმეებში პირველი მდივანია.
This post is also available in: English