
პროკურატურამ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში ბრალი წაუყენა
პროკურატურამ 7 ივლისს ქართველ ბიზნესმენსა და „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელს, გიორგი რამიშვილს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში ბრალი წაუყენა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რამიშვილი 6 ივლისს დააკავეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, მისი ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.
„ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტირებული „WALTHER PPK/S“ მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა“, – განაცხადა პროკურატურამ, რომელმაც რამიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
რამიშვილის დაპატიმრების შემდეგ, „სილქ როუდ ჯგუფმა“ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც „დაინტერესებულ მხარეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ვინაიდან ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები“.
რამიშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ, უარყო რაიმე პოლიტიკური მოტივი და ინციდენტი „გაუთვალისწინებელ შეცდომად“ შეაფასა.
This post is also available in: English