
„ქართული ოცნების“ მთავრობა UNWTO-ს გენერალურ მდივნად პოლოლიკაშვილის კანდიდატურას მხარს აღარ დაუჭერს
„ქართული ოცნების“ მთავრობა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარს აღარ დაუჭერს. სანაცვლოდ, საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს. ეს ინფორმაცია „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ დაადასტურა და დასძინა, რომ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მისივე თხოვნით მოიხსნა.
განცხადებას წინ უძღოდა ონლაინ საინფორმაციო გამოშვების The Diplomat in Spain-ის ინფორმაცია, რომელმაც ამ შეთანხმებას „შოკისმომგვრელი პოლიტიკური მანევრი“ უწოდა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ამჟამინდელი გენერალური მდივნის შესაცვლელად. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ პოლოლიკაშვილის მხარდაჭერის შეწყვეტისთვის ემზადებოდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE) ფარული შეთანხმების ფარგლებში, რათა ამ უკანასკნელის კანდიდატისთვის დაეჭირა მხარი.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ამ ნაბიჯმა „სერიოზული შეშფოთება გამოიწვია საერთაშორისო ტურიზმის საზოგადოებაში, რადგან ეს, როგორც ჩანს, საქართველოს სტრატეგიულ კავშირს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციასთან“. გამოცემა აცხადებს, რომ პოლოლიკაშვილმა „უხელმძღვანელა მთელ პროცესს ორგანიზაციაში რუსეთის წევრობის შეჩერების შესახებ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ“ და აღნიშნავს, რომ ეს იყო თამამი პოზიცია, რომელმაც პრეცედენტი შექმნა გაეროში და განიხილებოდა, როგორც „მნიშვნელოვანი მორალური პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ“.
მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციას ორგანიზაციის წევრობა შეუჩერდა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პოლოლიკაშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ნათელი გზავნილია იმასთან დაკავშირებით, რომ ტურიზმი მშვიდობისა და საერთაშორისო მეგობრობის საყრდენია და „UNWTO-ს წევრებმა უნდა დაიცვან ეს ღირებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამონაკლისის გარეშე, შედეგებს მოიმკიან“. მან დასძინა, რომ „რუსეთის ქმედებები გაუმართლებელია და ეწინააღმდეგება UNWTO-ს და საერთაშორისო მმართველობის პრინციპებს“.
პოლოლიკაშვილი პირველად გენერალურ მდივნად 2018 წელს აირჩიეს, ხოლო მეორე ვადით (2022-2025) ხელახლა 2021 წლის იანვარში იქნა არჩეული.
UNWTO-ში დანიშვნამდე, პოლოლიკაშვილი 2012 წლიდან 2017 წლამდე ესპანეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა. 2009 წლიდან 2010 წლამდე ის ეკონომიკური განვითარების მინისტრი იყო, ხოლო 2005-2006 წლებში – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
გენერალური მდივნის კანდიდატის წარდგენის ცერემონია 2025 წლის 30 მაისს გაიმართება და მას საბჭოს 35 წევრიდან სულ მცირე 18-მა უნდა დაუჭიროს მხარი. თუ პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების უმრავლესობას, კონსენსუსის მიღწევამდე, საუკეთესო კანდიდატებს შორის დამატებითი ტურები გაიმართება.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა, რომელიც პასუხისმგებლიანი, მდგრადი და საყოველთაო ტურიზმის პოპულარიზაციაზეა პასუხისმგებელი. ორგანიზაცია 160 ქვეყნის, 6 ასოცირებული და 500 აფილირებული წევრისგან შედგება,რომლებიც კერძო სექტორს, საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, ტურიზმის ასოციაციებსა და ადგილობრივ ტურისტულ ორგანოებს წარმოადგენენ.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English Русский