skip to content
ახალი ამბები

პაპუაშვილი “რადიკალურ ოპოზიციასა” და არასამთავრობო ორგანიზაციებს რუსეთთან “ქართული ოცნების” პოლიტიკის კრიტიკის გამო თავს ესხმის

26 ივლისს გამართულ ბრიფინზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “რადიკალური” ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს დასავლელი პარტნიორები გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი არ ეთანხმებიან რუსეთისთვის სანქციების არდაწესების საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და რუსეთთან დაახლოებას. პაპუაშვილმა ისინი რუსეთთან ომში საქართველოს ჩაბმის მცდელობაში  დაადანაშაულა, ხოლო ფაქტი, რომ ქვეყანამ ომი აიცილა თავიდან, “ქართული ოცნების” დამსახურებად წარმოაჩინა. მანვე განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნები წარმოადგენს “ყველაზე მარტივ” არჩევანს “ომსა და მშვიდობას” შორის.

პაპუაშვილმა “რადიკალური ოპოზიციას” “ფარისევლობა” დააბრალა. მისი თქმით, ამ ძალებმა რუსეთის სანქცირების პოლიტიკასთან დაკავშირებით პოზიციები სრულიად შეიცვალეს. როგორც თავად განაცხადა, “ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიის დონემდე მისულ ისტერიას თესდნენ, დღეს რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე და რუსი ტურისტებისგან მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ.” მან ასევე თქვა, რომ “ოპოზიციამ ქართველი ხალხის რისხვის პირველი ტალღა უკვე მიიღო” და რომ “ხალხი ხელისუფლების წინდახედულ პოლიტიკას უჭერს მხარს.” შესაბამისად, მისთვის გასაკვირი არაა, რომ “ყველა, ვინც ომში მიგვაქანებდა, მშვიდობაზე ალაპარაკდა; ყველა ვინც ქართველ გლეხებს და მეწარმეებს გაკოტრების გზაზე დაყენებას უპირებდა, დღეს რუსეთთან ვაჭრობაზე ალაპარაკდა.” 

პაპუაშვილმა თქვა, რომ გასული ორი წელი იმის საუკეთესო ლუსტრაცია იყო, თუ “სად დგება ოპოზიცია კრიტიკულ მომენტებში.” მანვე განაცხადა, რომ “არცერთ საბედისწერო მომენტში ოპოზიციას და მათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქართველი ხალხის მხარე არ დაუჭერიათ,” შემდეგ კი დასძინა: “ყოველ ჯერზე ისინი უყურებდნენ არა იმას, თუ რა სჭირდებოდა ჩვენს ხალხს, არამედ იმას, თუ რა სჭირდებოდათ სხვებს და რომელ სიტყვას თუ ნაბიჯს შეუქებდნენ გარედან.” 

პარლამენტის სპიკერმა დაასკვნა: “თუკი ოპოზიცია შეძლებს ერთი გრამი ძალაუფლების ჩაგდებასა კი, საქართველო დაუბრუნება კვლავ ომების და ნგრევის ქაოსს, რომლიდანაც, როგორც იქნა, ეს ქვეყანა დავიხსენით.” 

პაპუაშვილმა ჩამოთვალა “რადიკალური ოპოზიციისა” და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათ მიერ წარსულში გაკეთებული პრო-უკრაინული და ანტი-რუსული განცხადებები მოიყვანა. მათ შორის, პაპუაშვილმა ახსენა, რომ ისინი მოითხოვდნენ უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნას, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების, ამის საპირისპიროდ კი რუსეთთან საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას, “საოკუპაციო მოსაკრებლის” დაწესებასა და სხვ. პარლამენტის სპიკერის თანახმად, ამგვარი მოთხოვნებით ეს ადამიანები ქვეყნის რუსეთთან ომში ჩაბმას ცდილობდნენ. 

ბრიფინგის დიდი ნაწილი პაპუაშვილმა სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებების მოყვანას დაუთმო. პოლიტიკური ოპონენტები “და მათი ენჯეოები” რუსების “თითქოსდა მოზღვავებასთან” დაკავშირებით “ისტერიული” სურათის წარმოჩენაში დაადანაშაულა. “ამ ქსენოფობიური კამპანიის მიზანი იყო რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში გაუსაძლისი პირობების შექმნა და სახელმწიფოს იძულება, რომ დაეწესებინა სავიზო რეჟიმი,” განაცხადა პაპუაშვილმა. 

მისივე მტკიცებით, თუ ხელისუფლება მიიღებდა ყველა იმ ანტი-რუსულ ნაბიჯს, რომელთა გადადგმასაც ოპოზიცია მოითხოვდა, ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი შედეგი მოჰყვებოდა: “იქნებოდა რუსეთთან ესკალაციაში შესვლა, რომლის ბოლოშიც გარანტირებული იყო რუსეთთან როგორც ეკონომიკურ, ისე ცხელ ომში საქართველოს ჩაბმა.”

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არცერთ ქვეყანასა და ორგანიზაციას არ მიუცია საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიები, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება ქვეყანას ეკონომიკურ კრიზისამდე და სამხედრო კონფლიქტამდე არ მიიყვანდა. მეტიც, მან თქვა, რომ “სანქციების დაწესება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობადაც კი სახელდებოდა.”

მისი თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არავინ სთხოვს, “არ არის სიმართლე.” მანვე განაცხადა: “ბევრი უცხოელი ხვდებოდა, რომ [რუსეთის წინააღმდეგ] სანქციების დაწესების საჯარო მოთხოვნას საზოგადოებისგან შესაბამისი რეაქცია მოჰყვებოდა. ამიტომ ეს მოთხოვნები დახურულ კარს მიღმა, ან არაპირდაპირ ჟღერდებოდა.”

თუმცა, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ იყო “საქართველოს პოლიტიკის საჯარო დაგმობისა” და “სანქციების დაწესების მოთხოვნის” შემთხვევები. მათ შორის, პაპუაშვილმა მოიხსენია 2022 წლის აპრილში ლიეტუვის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, 2022 წლის დეკემბერში ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, 2023 წლის სექტემბერში ლატვიის პრეზიდენტის განცხადება და 2023 წლის თებერვალში ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის მიერ გაკეთებული განცხადება. 

“რას და როგორ ითხოვდნენ უცხოელები დახურულ კარს მიღმა, ეს ცალკე საუბრის თემაა, რომლის დროც აუცილებლად დადგება,” თქვა მან.

“სწორედ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა არავის ინტერესი არ დააყენა, დღეს ვართ ლამის ერთადერთი მშვიდობის კუნძული ცეცხლის ალში გახვეულ რეგიონში,” განაცხადა პაპუაშვილმა. 

შესაბამისად, დასძინა პაპუაშვილმა: “26 ოქტომბერს ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე მარტივი და ცხადი არჩევანი ექნებათ, ვინაიდან არჩევანი დგას ომსა და მშვიდობას, ნგრევასა და წინსვლას, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის.” 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button