skip to content
ახალი ამბები

ფიშერი: გერმანია უარს ამბობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებზე, ტოვებს წვრთნებს, ხოლო სტუდენტურ ვიზებს ძალაში ტოვებს

გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა 10 ივლისს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი ანტი-დასავლური გადაწყვეტილებების გამო, გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს ნებისმიერი ახალი ფინანსური ვალდებულება საქართველოს მიმართ, შეაჩეროს სამხედროების მონაწილეობა წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი“, რომელიც მანამდე აშშ-მა გააუქმა, და ასევე გააუქმოს მნიშვნელოვანი იურიდიული კონფერენცია. მან ასევე დაადასტურა ევროკავშირის გადაწყვეტილება, შეაჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი და მოუწოდა ქართველებს კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, რას ნიშნავს მათთვის ევროკავშირი.

კონფერენციის „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროებები და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ დაწყებამდე, ელჩი ჟურნალისტებს გაესაუბრა, სადაც ხაზი გაუსვა საქართველოს ადგილს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და განაცხადა: „ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებების გამო, ევროპულმა საბჭომ, რომელიც აერთიანებს 27 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურს, ადამიანებს, ვინც გაფართოების საკითხს წყვეტს… 27 ივნისს გადაწყვიტა, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი უნდა შეჩერდეს, ეს არის ევროკავშირის პოლიტიკა. და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო, ჩვენ შეიძლებოდა ძალიან სწრაფად წავსულიყავით წინ. ჩვენ გვინდა წინსვლა, მაგრამ გაწევრიანების პროცესის ტემპი და ხარისხი გაწევრიანების კანდიდატზეა დამოკიდებული“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ასევე შეიცვალა გერმანიის მიდგომა საქართველოს მიმართ: „ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან… ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აღარ ვიკისროთ ახალი ვალდებულებები საქართველოს მიმართ, ამიტომ საქართველოს მიმართ ახალი ფინანსური ვალდებულებები გერმანიის მხრიდან აღარ იქნება. გერმანელმა სამხედროებმა ასევე გააუქმეს მონაწილეობა წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი“. ჩვენ გავაუქმეთ დიდი იურიდიული ფორუმი, რომელიც თბილისში გასულ წელს გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა გამართულიყო… და განვიხილავთ შემდგომ ქმედებებს“.

ელჩმა ფიშერმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს ურთიერთობა გერმანიასთან და ევროკავშირთან ასეთ დაბალ დონეზე დაეცა და ქართველ ხალხს მიმართა: „ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გაწევრიანდეთ ევროკავშირში, თქვენ სიხარულით გელით ევროკავშირში, მაგრამ თქვენ იცით როგორია პროცესი, თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ჩვენს სტანდარტს და თუ არა – მაშინ ვერ გაწევრიანდებით. ამრიგად, საქართველოს მოქალაქეებმა და ქართველმა მეგობრებმა ნამდვილად უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირი თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის, თქვენი შვილიშვილებისთვის. თუ ეს გინდათ, მაშინ კურსი უნდა გაიაროთ“.

ჟურნალისტებმა ელჩს უთხრეს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აკნინებს საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების მნიშვნელობას და აცხადებს, რომ ეს „მიკრო დონეზე“ იქნა მიღებული, რაზეც ელჩმა უპასუხა, რომ ის მოუწოდებს ქართველ ხალხს, წაიკითხონ ევროკავშირის ხელშეკრულებები, კოპენჰაგენის კრიტერიუმები, კომისიის შეფასებები საქართველოს პროგრესზე და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებები და ამ ყველაფრის წაკითხვით მიხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანი იყო საბჭოს გადაწყვეტილება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბჭოს წევრები ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერები არიან და მათ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები არის „უმაღლესი დონის“ გადაწყვეტილებები.

ერთ-ერთი სახელისუფლებო არხის ჟურნალისტმა ჰკითხა ელჩს, რატომ ჩატარდა კონფერენცია, რომელსაც ის ესწრებოდა, დახურულ კარს მიღმა, მაშინ როცა ქვეყანაში „არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობასთან“ დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა. მან უპასუხა: „მე არ ვარ კონფერენციის ორგანიზატორი და ნამდვილად ვერ ვისაუბრებ ორგანიზატორების სახელით. ზოგჯერ, შეხვედრის იდეაა ძალიან ღიად ისაუბრო და ეცადო წინ წაიწიო. დარწმუნებული ვარ, თუ კონფერენციის ცალკეულ მონაწილეებს სთხოვთ, ისინი სიამოვნებით დაკელაპარაკებიან კონფერენციაზე, ისევე როგორც მე გესაუბრებით სიამოვნებით კონფერენციაზე. ეს არ არის საიდუმლო კონფერენცია, ეს მხოლოდ ექსპერტთა შეხვედრაა და არა საჯარო კონფერენცია. ყველა შეხვედრა არ უნდა იყოს საჯარო“.

ბოლოს მას ჰკითხეს, სიმართლეა თუ არა, რომ გერმანია აჩერებს ქართველი სტუდენტებისთვის ვიზებს, რაზეც ელჩმა უპასუხა: „არა, ეს ინფორმაცია არ არის სწორი“.

მსგავსი/Related

Back to top button