skip to content
ახალი ამბები

აშშ-მა ათობით საქართველოს მოქალაქეს სანქციების პირველი ტრანში დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 6 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ათობით საქართველოს მოქალაქეს სანქციების პირველი ტრანში დაუწესა.

„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებული რჩება ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მისი ბოლოდროინდელი განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები საქართველოს ევროპული მომავლის გზიდან გადახვევის რისკს აჩენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მისი ხალხის ნებას“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

საქართველოსთან ურთიერთობების სრულ გადახედვაზე საუბრისას, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა მიიღო. „დღეს ამ პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა სავიზო შეზღუდვები დავუწესოთ ათობით საქართველოს მოქალაქეს. მათ შორის არიან პირები, ასევე მათი უშუალო ოჯახის წევრები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ისეთი ქმედებებით, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებისთვის ძირის გამოთხრა, მშვიდობიან მომიტინგეევზე თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და საქართველოს მთავრობის მითითებით დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

მილერის თქმით, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში ვრცელდება “ქართული ოცნების” წევრებზე, პარლამენტის წევრებზე, სამართალდამცავებსა და კერძო პირებზე.

მილერმა ასევე განაცხადა: „კვლავ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს, რათა წინ წაიწიონ თავიანთი ქვეყნის დიდი ხნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ. მაგრამ თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, აშშ მზად არის დამატებითი ქმედებები განახორციელოს“.

კითხვებზე პასუხის გაცემისას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განმარტა, რომ სანქცირებული პირების რაოდენობა ორიდან სამ ათეულამდეა. კითხვაზე, მიიღეს თუ არა მათ შეტყობინებები, მილერმა განაცხადა, რომ მათ, ვისაც აშშ-ის ვიზა აქვთ, მიიღებენ შეტყობინებებს, სხვა შემთხვევაში, „ჩვენ, ჩვეულებისამებრ, არ ვაცნობებთ ხალხს, მაგრამ ისინი ამის თაობაზე მაშინ იგებენ, როცა აშშ-ში ჩამოსვლას ცდილობენ“.

კითხვაზე, თუ რამდენი ტრანშია მოსალოდნელი, მილერმა აღნიშნა, რომ ვერ იტყვის და დასძინა: „ჩვენ მზად ვართ დავაწესოთ დამატებითი სანქციები და გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს“.

კითხვაზე, თუ რა გზავნილის გაგზავნას ცდილობს აშშ რამდენიმე ტრანშის დაწესებით, მილერმა უპასუხა: „საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, შეცვალოს ის კურსი, რომელსაც ახლა ახორციელებს“. მისი თქმით, ეს ეხება ახლახანს მიღებულ კანონს უცხოელი აგენტების შესახებ, ასევე ეხება ხელისუფლების ქმედებებს განსხვავებული აზრის წინააღმდეგ, მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს და იმ კურსზე უარის თქმას, რომელსაც საქართველო დიდი ხანია მიყვება. „ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებულია იმ პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო განახორციელებს“, – დასძინა მან.

მსგავსი/Related

Back to top button