skip to content
ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 4 აპრილი

გაზაფხული დადგაო ფინეთს ნატო ჩადგაო

დღეს, პრინციპული, მშვიდი და მწყობრი ფინეთი ნატო-ს 31-ე წევრი სახელმწიფო გახდა. კრემლის თავკაცმა იმდენი იხვანცალა და აჟღარუნა თავის ჟანგიანი რუსული იარაღი, რომ ნატო-რუსეთის საზღვარი ორჯერ – 1340 კილომეტრით დააგრძელა. არადა, იმუქრებოდა რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ნატო-ს გაფართოება უნდა შევაჩეროთო. ნატო-ს გზაზეა შემდგარი შვედეთიც, რომელიც თურქეთთან თავის უთანხმოებებს აგვარებს, რათა ალიანსის წევრობისკენ გზა გაიკაფოს. იმედია, ნატო-ს გენერალური მდივნის ვარაუდი ახდება და ნატო-ს ოჯახს ზაფხულისთვის შვედეთიც შეემატება.

ნუ დამიტირებ, არგენტინა…

ორიოდე დღის წინ, ფინეთში საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიარა, სადაც მოქმედი პრემიერის, სანნა მარინის სოციალ-დემოკრატების პარტიამ მარცხი განიცადა და მესამე ადგილზე გავიდა. ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარჯვენე-ცენტრისტული „ნაციონალური კოალიციის“ პარტია დაეპატრონა, რომელსაც ყოფილი შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრი, პეტერი ორპო ხელმძღვანელობს.  ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნაზე წამუშავება სწორედ ორპოსა და მის პარტიას მოუწევს. არჩევნებზე საპატიო მეორე ადგილი კი, ანტი-მიგრანტული განწყობების მქონე „ნამდვილი ფინელების“ პარტიამ დაიკავა.  მკითხველი ალბათ იკითხავს, ქალი, რომელიც რუსეთს წინ აღუდგა, უკრაინას გვერდით დაუდგა და ქვეყანას ნატო-ში შეუძღვა, არჩევნები როგორ წააგოო. დიახ, წააგო და არჩევნებში მარცხის მიზეზი მისი მთავრობის ანტი-რუსული და ჩრდილო-ატლანტიკური განწყობები სულაც არ ყოფილა, ამაზე ფინეთში მას არავინ ედავება. ამომრჩეველი მას სოციალურ-ეკონომიკურ თემებებზე დაემდურა. ერთი კია, სანნა მარინმა შეუმჩნეველი და ცოტა უჟმური ფინეთი, სხვანაირად შეაფხიზლა, გაზაფხულის ფიჭვის მტვერი ჩამოფერთხა და მტერსაც და მოყვარესაც მისი ქვეყნისთვის სხვა თვალით შეახედა. ამას კი, ასე ლაზათიანად მხოლოდ ქალი თუ მოახერხებდა.

ცვლილებების ბალკანური ქარი

ცვლილებების ქარმა დაბერა ბალკანეთშიც. მონტენეგროში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა, ახალგაზრდა იაკოვ მილატოვიჩმა. მან შორეული 90-იანი წლებიდან ხელისუფლების სადავეებთან მყოფი, მოქმედი პრეზიდენტი, მილო ჯუკანოვიჩი დაამარცხა. ყოფილი კომუნისტი, მილო ჯუკანოვიჩი ხან პრემიერის და ხან პრეზიდენტის რანგში სამი ათწლეული დომინირებდა მონტენეგროს პოლიტიკას. დუკანოვიჩი, ერთ დროს სერბი ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის პოლიტიკურ მოკავშირეობასაც არ თაკილობდა. მონტენეგროს ახალი პრეზიდენტი კი, 36 წლისაა, განათლება ოქსფორდში აქვს მიღებული და მან თავისი  წინასაარჩევნო კამპანია მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანებასა და კორუფციასთან ბრძოლაზე ააგო. მართალია, მონტენეგროში პრეზიდენტის პოზიცია დიდწილად ფორმალური თანამდებობაა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში პრო-დასავლელი მილატოვიჩის გამარჯვება საზოგადოებრივი განწყობების ცვლილებაზე მიანიშნებს და მნიშვნელოვნად ზრდის მილატოვიჩის პოლიტიკური პარტიის „ევროპა ეხლა“-ს გამარჯვების შანსებს ივნისში ჩანიშნულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე.

ეს იყო პეტერბურგში

ავისმომასწავებელი ამბები ტრიალებს რუსეთში, სადაც ხელისუფლებაზე მომუშავე სამხედრო კორესპონდეტი და ომის პროპაგანდისტი, ე.წ. ვლადლენ ტატარსკის სანქტ-პეტერბურგის კაფეში „შემოქმედებით საღამოზე“ ფრიად შემოქმედებითად ააფეთქეს. თავად კაფე, სადაც აფეთქება მოხდა კი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელსა და ომისთავს, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის. ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ პატარა ქანდაკებაში იყო თურმე მოთავსებული, რომელიც ვლადლენ ტატარსკის შემოქმედებით საღამოზე საჩუქრად გადასცეს. აფეთქებისას, 30-მდე ადამიანი დაშავდა, თავად ომის პროპაგანდისტი და უკრაინის გადაბუგვის გულშემატკივარი ტატარსკი კი, შემოქმედებითი საღამოდან პირდაპირ “კობზონის კონცერტზე” გაემგზავრა. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ალბათ იჩქარა, მომხდარში უკრაინული სპეცსამსახურები დაადანაშაულა და ცხელ კვალზე ვინმე დარია ტრეპოვაც დააპატიმრა, რომელმაც თითქოს უკრაინელების მიერ გადაცემული დანაღმული პატარა ქანდაკება კაფეში მიიტანა. არადა, დღეს, მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის „რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო. რუსეთის „რესპუბლიკური არმიის“ სახელი ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის – დარიას აფეთქების საქმეშიც გაჟღერდა, თუმცა რუსეთის ხელისუფლებას რუსული კვალის გამოკვეთა არ აწყობდა და „რესპუბლიკური არმიის“ ვერსია მალევე მიჩქმალა. პეტერბურგში დატრიალებული დენთის სუნი კი მიანიშნებს, რომ პუტინის რუსეთს მხოლოდ უკრაინის ფრონტზე არ აქვს სერიოზული პრობლემები.        

მსგავსი/Related

Back to top button