skip to content
ახალი ამბები

საქართველომ და სერბეთმა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და მისმა სერბმა კოლეგამ, ივიცა დაჩიჩმა ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, განაცხადა სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 მარტს.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს და კიდევ ერთხელ გამოხატეს ორმხრივი მხარდაჭერა ერთმანეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს იმ პრინციპული პოზიციის გამო, რომელიც კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას ეხება“, – მიმართა დაჩიჩმა ჯანელიძეს.

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დააანონსა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დაგეგმილი ვიზიტები სერბეთში, რომლებიც წელს განხორციელდება, ასევე თავისი საპასუხო ვიზიტი საქართველოში.

ბელგრადში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდა პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს და პრემიერ-მინისტრ ანა ბრნაბიჩს, სადაც მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მეტი მუშაობაა საჭირო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელიც ორდღიან ვიზიტს დღეს დაასრულებს, ასევე შეხვდა ევროინტეგრაციის მინისტრს იადრანკა იოკსიმოვიჩს.

მსგავსი/Related

Back to top button