skip to content
ახალი ამბები

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

ნატო განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას და უზრუნველყოფს პრაქტიკულ მექანიზმებს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის წინსვლას ალიანსში გაწევრიანების გზაზე, განუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს 16 თებერვალს, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ. 

კომისიამ, რომელიც თავდაცვის მინისტრების დონეზე გაიმართა, საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, შავ ზღვასა და მის გარშემო არსებულ გამოწვევებსა და რეგიონში ნატოს გაზრდილ წარმომადგენლობაზე იმსჯელა. 

კომისიამ ასევე განიხილა ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი, რომელიც სტოლტენბერგის თქმით, უფრო სწრაფ, ეფექტურ და მდგრად ძალებს შექმნის. 

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს პროგრესი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მიმართულებით.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მან შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან – "ურთიერთობის გაღრმავების" გამო.

"მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან", – განაცხადა სტოლტენბერგმა. 

ნატოს თავდაცვის მინისტრებმა 15-16 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე ტერორიზმის საფრთხეები, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან მომდინარე გამოწვევებზე ალიანსის რეაგირების მექანიზმები განიხილეს

თავდაცვის მინისტრებმა, რუმინეთში სახმელეთო მრავალეროვნული ბრიგადის ფარგლებში ალიანსის საჰაერო და საზღვაო წარმომადგენლობის გაძლიერების შესახებაც იმსჯელეს.

შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგმა განმარტა, რომ რეგიონში წვრთნისა და საჰაერო კონტროლისთვის რვა მოკავშირე მზადაა სამხედრო პერსონალი გამოყოს, ხოლო სამი მოკავშირე სახმელეთო და საჰაერო ძალებს უზრუნველყოფს. 

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, მოკავშირეები შეთანხმდნენ გაზარდონ ალიანსის საზღვაო ყოფნა წვრთნების, სწავლებისა და სიტუაციური ცნობიერების ასამაღლებლად. გარდა ამისა, მოკავშირეები შეთანხმდნენ რეგიონში  ნატოს მუდმივმოქმედ სამხედრო-საზღვაო ძალებსა და მოკავშირე ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის კოორდინაცია განავითარონ.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ქართულ მხარეს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წარმოადგენდა. 

მან ორმხრივი შეხვედრები გამართა იენს სტოლტენბერგთან და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან, კენეთ ჰენდელმანთან, ასევე თავის თურქ, ბრიტანელ ლატვიელ და ლიტვიელ კოლეგებთან. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button