skip to content
ახალი ამბები

ეროვნული ბანკი: ლარის კურსი ‘უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე რაციონალური მოლოდინები განაპირობებს’

ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ აშშ დოლართან მიმართებაში ლარის მიმდინარე გაუფასურება დოლარის გლობალური გამყარებითა და თურქული ლირას გაუფასურებით და ასევე მოლოდინების ერთობლიობით არის განპირობებული.

„მიუხედავად ფუნდამენტური ფაქტორებისა, ჩვენი წინასწარი შეფასებით, მიმდინარე კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე რაციონალური მოლოდინები განაპირობებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ორშაბათს აშშ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი თითქმის ექვსი თეთრით გაუფასურდა და ლარის არსებობის ისტორიის მანძილზე მორიგი რეკორდული ნიშნული – 2.7412 შეადგინა. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კურსი 2.80-2.81-მდეც აღწევს.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ „გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობის შესარბილებლად, ისე, რომ ლარის კურსი ფუნდამენტურ ფაქტორებთან შესაბამისობაში დარჩეს“.

ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია 12 ოქტომბრის შემდეგ არ განუხორციელებია – მას შემდეგ ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში თავისი ღირებულების დაახლოებით 17.3% დაკარგა, ხოლო 2014 წლის ნოემბერთან შედარებით, როცა ლარმა გაუფასურება დაიწყო, დაახლოებით, 56%.

2016 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა 23 ინტერვენციის შედეგად სულ 240 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა და 278.35 მილიონი აშშ დოლარი იყიდა – შესყიდვა, ძირითადად, მარტის შუა პერიოდიდან აგვისტოს ბოლომდე, დოლართან მიმართებაში ლარის გამყარების პარალელურად ხდებოდა.

ნოემბრის მდგომარეობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 2.779 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 2.760 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო შარშან ნოემბერში, დაახლოებით, 2.479 მლრდ აშშ დოლარი იყო.

ეროვნული ბანკი 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში მიანიშნებს, რომ გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, თუ საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობა რისკების წინაშე დადგება. ერთი კვირის წინ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 6.5%-ზე დატოვა, მომდევნო გადაწყვეტილება კი 2017 წლის 25 იანვრისთვის დააანონსა. 

„ეროვნულ ბანკს აქვს სათანადო შესაძლებლობა და ინსტრუმენტები, რომ არ დაუშვას მაღალი ინფლაცია. თავის მხრივ, ზომიერი ინფლაცია  გაცვლითი კურსის გრძელვადიან სტაბილურობას და ეკონომიკის მდგრად ზრდას განაპირობებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

წლიური ინფლაციის დონემ ნოემბერში 0.2% შეადგინა, რაც 2016 წლის 5%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე ბევრად ნაკლებია. ეროვნული ბანკი მომავალ წელს 4%-იან წლიურ ინფლაციას პროგნოზირებს.

იმავდროულად, ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ სამშაბათს განაცხადა, რომ მომავალ კვირას უმცირესობის სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს დიმიტრი ქუმსიშვილსა და გიორგი გახარიას იბარებს, რათა ეკონომიკაში შექმნილ სირთულეებთან დაკავშირებით ღია და გამჭირვალე დებატების ფარგლებში საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია მათი ხედვების შესახებ.

„არჩევნების შემდეგ მთავრობაც, ეროვნული ბანკიც, ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტიც, იჩენს სრულ უმოქმედობას ლარის მიმდინარე კურსის მიმართ. ამის შედეგი გახლავთ ის, რომ ლარი ყოველდღიურად უფასურდება“, -განაცხადა უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ 20 დეკემბერს.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button