skip to content
ახალი ამბები

წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში სამი პარტია ხვდება

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რომლებიც ბათილად ცნობილი უბნების გამოკლებით, ყველა უბნის შედეგებს ეყრდნობა, ქართულ ოცნებას ხმების 48.67% აქვს მიღებული 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ნაციონალურ მოძრაობას  – 27.11%, ხოლო ბლოკს პატრიოტთა ალიანსის ლიდერობით 5%.

პარტიამ ხმების 5% მაინც უნდა დააგროვოს იმისთვის, რომ 150 წევრიან პარლამენტში არსებული 77 პროპორციული ადგილიდან მანდატები მიიღოს.

ორშაბათს საღამოს ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, პატრიოტთა ალიანსმა 88 109 ხმა მიიღო, რაც 5.006%–ს შეადგენს.

უბნებიდან შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად პატრიოტთა ალიანსი თანდათან უახლოვდებოდა 5%–იან ზღვარს; ბლოკმა ცოტა ხნით მიაღწია კიდეც ამ ნიშნულს, რის შემდეგაც მისი შედეგები კვირას ისევ 4.99%–მდე შემცირდა.

ცესკომ ორშაბათს დილით დაბნეულობა გამოიწვია პატრიოტთა ალიანსის ხმებთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც მისი პროცენტული მაჩვენებელი 5%–მდე დაამრგვალა თავის ვებგვერდზე მაშინ, როცა პარტიისთვის მიცემული ხმების რაოდენობა აჩვენებდა, რომ მისი რეალური მაჩვენებელი 4.998%–ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პატრიოტთა ალიანსი ბარიერს მიღმა იყო.

იმ შემთხვევაში, თუ წინასწარი შედეგები ძალაში დარჩება, 77 ადგილი სამ პარტიას შორის პროპორციული წესით შემდეგნაირად გადანაწილდება: ქართული ოცნება – 44 ადგილი; ნაციონალური მოძრაობა – 27 ადგილი და პატრიოტთა ალიანსი – 6 ადგილი.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარტია ან ბლოკი 5%–იან ბარიერს გადალახავს, თუმცა მას 6-ზე ნაკლები ადგილი ერგება, ის მაინც 6 დეპუტატს გაიყვანს პარლამენტში და დანაკლისს  პარლამენტში გასული სხვა პარტიებისთვის მანდატების ჩამოკლების ხარჯზე შეავსებს. ეს წესი გავრცელდება პატრიოტთა ალიანსზეც, თუ მისი ამჟამინდელი ხმების რაოდენობა უცვლელი დარჩება.

თუმცა ეს მონაცემები შესაძლოა კიდევ შეიცვალოს, თუ დაკმაყოფილდება განხილვაში მიღებული საჩივრები ცალკეული უბნების შედეგების ბათილობის თაობაზე.

ამ ეტაპზე გასაჩივრების შედეგად 6 უბნის პროპორციული შედეგები და 5 უბნის მაჟორიტარული შედეგებია გაბათილებული. ცესკოს ინფორმაციით, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული შედეგები ბათილად იქნა ცნობილი №34 (წალკა/დმანისი/ბოლნისის კაზრეთი) ოლქის მე-8 და მე-14 უბნებზე; დიდუბის (წერეთლის გამზირი მიმდებარე ქუჩებით) №15-ე ოლქის მე-14 და 26-ე უბნებზე; და ქალაქ მარნეულის №36-ე ოლქში 48-ე უბანზე – ეს ის უბანია, სადაც კენჭისყრის დასრულებამდე მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის გამო ხმის მიცემა შეფერხდა. მარნეულის ამავე ოლქში 34-ე უბანზე კი მხოლოდ პროპორციული შედეგი გაუქმდა.

მეოთხე ადგილს, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 4.62%-ით "თავისუფალი დემოკრატები" იკავებენ, რომელთაც სულ ცოტა აკლდებათ ბარიერის დაძლევამდე. შემდეგ მოდის პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 3.45%; ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულმა მოძრაობა – 3.53%; ლეიბორისტული პარტია – 3.14%; რესპუბლიკური პარტია – 1.55%.

არჩევნებში მონაწილე დანარჩენმა 17-მა სუბიექტმა საერთო ჯამში ხმების 2.95%–ზე ნაკლები დააგროვა.

პროპორციულ სისტემაში ლიდერობასთან ერთად, ქართული ოცნების კანდიდატები ამ ეტაპისთვის არსებული მონაცემებით 23 მაჟორიტარულ ოლქშიც იგებენ არჩევნებს პირველივე ტურში. 

შედეგად, მმართველ პარტიას ამ ეტაპის მონაცემებით სულ 67 ადგილი აქვს პარლამენტში, რაც 9-ით ნაკლებია უბრალო უმრავლესობის შესაქმნელად, ხოლო 46 ადგილი აკლდება საკონსტიტუციო უმრავლესობამდე. 

73 ერთმანდატიანი ოლქიდან მეორე ტურები 50 ერთმანდატიან ოლქშია მოსალოდნელი, ძირითადად, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს შორის. თუმცა საბოლოო რაოდენობა, თუ რომელ ოლქებში დაინიშნება მეორე ტურები, საჩივრების განხილვის შემდეგ გაირკვევა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button