skip to content
ახალი ამბები

ალასანია: ‘ქართულ ოცნებას შანსიც კი არ აქვს მომავალ არჩევნებში’

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია იმაში, რომ მისი ოპოზიციური პარტია დაამარცხებს „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის“ ბიძინა ივანიშვილის მმართველ კოალიცია ქართულ ოცნებას მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში.

ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მმართველი კოალიცია მას შემდეგ დატოვეს, რაც ის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს; ამას წინ უძღოდა უთანხმოება ოქტომბერში თავდაცვის უწყების ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომლის არამიზნობრივი ხარჯვის ბრალდებით დაპატიმრების ირგვლივ; ისინი კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. ალასანიას თქმით, ის ფაქტი, რომ ამ საქმის სასამართლო მოსმენა პროკურატურის მოთხოვნით ორჯერ გადაიდო, აძლიერებს მის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დაკავებები იყო პოლიტიკურად მოტივირებული და მის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი.

ეს საქმე ორგანიზებული იყო „დე ფაქტო პრემიერის“, ბიძინა ივანიშვილის მიერ, განაცხადა ალასანიამ „რუსთავი 2“-ის პოლიტიკურ თოქ-შოუში 10 თებერვალს.

„ბიძინა ივანიშვილმაც იცის, რომ ისინი უდანაშაულო არიან. პოლიტიკური მოწინააღმდეგისთვის თავდასხმის გამო ციხეში გყავს ამდენი თვე გამოკეტილი… ყველაზე ცუდი, რაც იყო წინა ხელისუფლებისას, რა პრობლემებიც ხდებოდა და რისი შეცვლაც გვინდოდა, იგივე გადმოიტანა და გააგრძელა ბიძინა ივანიშვილმა და ეს არის, რა თქმა უნდა, უპატიებელი შეცდომა და მე დარწმუნებული ვარ, რომ  არც საზოგადოება, არც ჩვენ მას არ ვაპატიებთ შემდეგი არჩევნებისთვის“, – განაცხადა ალასანიამ.  

„ხუთი უდანაშაულო ადამიანი პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში იმყოფება დღეს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ის მზადაა პირდაპირ ეთერში დაჯდეს დებატებში ამ საკითხის გასარკვევად ივანიშვილთან, „თუკი შერჩა მას არგუმენტები და თავმოყვარეობა“.

ალასანიამ განაცხადა, რომ ივანიშვილის „არაფორმალური მმართველობა“ მთავრობაში გადაწყვეტილების მიღებას არაეფექტურს ხდის პრობლემების დაძლევის თვალსაზრისით, მათ შორის ეკონომიკაში, სადაც მდგომარეობა „დღითიდღე უარესდება“.

მისი თქმით, ივანიშვილი „ან უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში და აიღოს პასუხისმგებლობა არჩევნებამდე ან საერთოდ გაერიდოს ხელისუფლებას“.

„ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, თუ რა მენეჯმენტის კულტურა შემოიტანა და დაამკვიდრა დე ფაქტო პრემიერმა ივანიშვილმა საქართველოში და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან დიდი საფრთხის შემცველია“, – განაცხადა ალასანიამ და იქვე დასძინა, რომ ეს სულაც არ ახარებს, რადგან „დაკარგული წლების ამოქაჩვა 2016 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც შეიცვლება ეს ხელისუფლება“ რთული იქნება შემდგომი მთავრობისთვის.

„მე პრაქტიკულად ყოველ მესამე დღეს ვარ რეგიონებში, ვხვდები ხალხს, ვიცი მათი განწყობა, მათი პრობლემები; ამათ [ქართულ ოცნებას] შანსიც კი არ აქვთ მომავალ წელს, მომავალ არჩევნებში, რომ გამარჯვების იმედი ჰქონდეთ“, – განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე შესაძლებელია თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, ალასანიამ უპასუხა, რომ „გამორიცხული, ბუნებრივია, არ არის“, თუმცა სამართლებრივი და პროცედურული თვალსაზრისით რთული იქნება ამჟამინდელი პარლამენტის დათხოვნა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.

„თუმცა რამდენადაც ვიცით, ინფორმაციაც არის, რომ სურვილიც კი აქვთ ამის განხორციელების. თუმცა ჩვენთვის, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მნიშვნელოვანი არის, რომ  დავიცვათ კონსტიტუციური ვადები და ყველაფერი ჩატარდეს თავის დროს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, ამ გამოწვევისთვის, ველოდებით ასეთ გამოწვევას და ჩვენც სწორედ ვემზადებით ამ პრინციპით, რომ შეიძლება  არჩევნები უახლოეს პერიოდში ან უახლოეს შემოდგომაზე დაინიშნოს“, – განაცხადა ალასანიამ და იქვე დაამატა, რომ ვადამდელი არჩევნები იმის გამო შედის ქართული ოცნების ინტერესში, რომ რაც უფრო დრო გავა, პრობლემები გაღრმავდება და უფრო მეტ ელექტორატს დაკარგავენ.

მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ არანაირ პოლიტიკურ ალიანსს რომელიმე სხვა ძალასთან არ გეგმავენ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„გამორიცხულია, არანაირ პოლიტიკურ ალიანსზე ჩვენ არავისთან არ ვსაუბრობთ. „თავისუფალი დემოკრატები“ მარტო გავლენ არჩევნებზე, როგორც ჩანს დღევანდელი გადმოსახედიდან, და დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში“, – განაცხადა მან, „ჩვენ ვთვლით, რომ ვართ ის ალტერნატივა, რომელიც აუცილებლად მომავალ არჩვნებში დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის გუნდს“.  

მან ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილმა „საგანგებოდ გაუხსნა სივრცე“ პრორუსულ ძალებს, იმიტომ, რომ „სხვანაირად მე ვერ ვხსნი იმას, თუ რატომ არ მოქმედებენ დროულად ჩვენი კონტრდაზვერვითი ორგანოების წარმომადგენლები“, რომელთაც „მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ამგვარი მუშაობა პრაქტიკულად შეზღუდული ჰქონდათ ბოლო წლის განმავლობაში“. ალასანიამ ასევე მოუწოდა რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვისკენ საქართველოში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button