skip to content
ახალი ამბები

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი საარჩევნო კამპანიას იწყებს


პრემიერი ივანიშვილი 12 აგვისტოს ნოქალაქევში პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს თავის კალამს ჩუქნის და ეუბნება, რომ ის შარშან საპარლამენტო არჩევნების წინ ამ კალამს იყენებდა და მას გამარჯვება მოაქვს. ფოტო: პრემიერ მინისტრის პრესსამსახური 

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 12 აგვისტოს ოფიციალური საარჩევნო კამპანია სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევიდან დაიწყო.

ღია ცის ქვეშ გამართული აქციის დროს, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი, მინისტრები, ქართული ოცნების დეპუტატები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „მე ვიბრძოლებ თითოეული ხმისთვის და გამივარჯვებ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში“.     

„გპირდებით, რომ გავიმარჯვებ იმიტომ, რომ მე მაქვს იმედი ქართველი ერის პოლიტიკური სიბრძნის“, – განაცხადა მან.

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნოქალაქევი იმიტომ შეარჩიეს კამპანიის დაწყების ადგილად, რომ „ის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ მიიჩნევა“.

„პრეზიდენტობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ჩვენი საზოგადოების ღირსეულ წარმომადგენელს, ევროპული ყაიდის ლიდერს და ამით ვარღვევთ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებულ სტერეოტიპს, რომ ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი ზეკაცი და ყველას პატრონი უნდა იყოს, რომელიც ყველაფერს ჩვენს მაგივრად გადაწყვეტს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ევროპაში ეს ასე არ არის და ჩვენთანაც უნდა დავამსხვრიოთ ეს მახინჯი სტერეოტიპი“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა, „გიორგი მარგველაშვილი არის დამოუკიდებელი და გაბედული კაცი, რომელიც არ ერიდება თამამ გადაწყვეტილებებს“.

„მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ყოველთვის ახლოს იყო პოლიტიკასთან, მას ვერავინ დასწამებს, რომ ოდესმე პოლიტიკური ინტრიგების მონაწილე იყო. იგი არც ერთი პარტიის წევრი არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი პრეზიდენტი ყველას ინტერესების დამცველი იქნება“, – განაცხადა ივანიშვილმა, „იმედი მაქვს, საპრეზიდენტო არჩევნებით ჩვენ კიდევ ერთ ტესტს ჩავაბარებთ; ჩვენ დავარწმუნებთ ყველას, რომ ვართ ის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“.

ნოქალაქევში გამოსვლისას მარგველაშვილმა განაცხდა, რომ ბოლო ცხრა თვის განმავლობაში „ჩვენმა ხელისუფლებამ ქართველ ხალხთან ერთად გაიარა ის, რაც ბევრი პოლიტიკური, შესაძლოა დემოკრატიულად უფრო განვითარებული ქვეყნისთვის იყოს ძალიან რთული – ეს არის კოჰაბიტაცია“.

„ამ პროცესში ჩვენ შევძელით და მივიყვანეთ პოლიტიკური ციკლის პროცესი ბოლომდე“, – განაცხადა მან. „27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია მთავრდება და ქვეყანას აღარ ეყოლება პრეზიდენტი, რომლის მიზანიც არის ქვეყნის დისკრედიტაცია, სასამართლო სისტემაში ჩარევა, აბსოლუტურად აბსურდული ვეტოები და რეალურად პროცესების საბოტირება“.

„ეს მთავრდება 27 ოქტომბერს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც მუდმივად იქნება ჩართული საზოგადოებასთან თანამშრომლობაში… რომელიც იქნება მთავრობის პარტნიორი იმ რეფორმების პროცესში, რომელიც საქართველოში დაიწყო და უნდა გაგრძელდეს, რომელიც იქნება ბატონი ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი ქართული ოცნების ახდენის საქმეში“, – განაცხადა მან.

მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ქვაკუთხედი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებაა. 

„ურთიერთობების აღდგენა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან სწორედ ასეთ კონტექსტშია შესაძლებელი და რეალურად ეს არის წინაპირობა იმის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ ტერიტორიულად მთლიანი იყოს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„ინტეგრაცია ევრო–ატლანტიკურ სივრცეში არის ქართველი ერის გადაწყვეტილება და ბუნებრივია, ჩვენ ამ კურსის ერთგული ვრჩებით“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ აჩვენა, რომ „ის კლიშე, თითქოს არ შეიძლება ევროპისკენ მოძრაობა, თუ არ არის რუსეთთან უკიდურესი დაძაბულობა, იყო ტყუილი“.

„ჩვენ შევცვალეთ ეს კლიშე. რეალურად არც ერთი მისხალი არ დაგვითმია ევროპული და ევროატლანტიკული ინტეგრაციის და ამავე დროს ჩვენ შევძელით და დავიწყეთ რუსეთთან ნორმალიზაცია; შესაბამისად, ეს კურსი გაგრძელდება მომავალში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მის საარჩევნო შტაბს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დეპუტატი დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button