skip to content
ახალი ამბები

NDI-ის კვლევის თანახმად, ქართული ოცნებას ძლიერი მხარდაჭერა აქვს

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან, დაახლოებით, ორ თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, კოალიცია „ქართული ოცნება“ ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს და მას რესპონდენტთა 63% უჭერს მხარს, როგორც „მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას“. ნაციონალურ მოძრაობას რესპონდენტთა მხოლოდ 10% უჭერს მხარს.

კვლევის თანახმად, რომელიც NDI–ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 14-25 ნოემბერს ჩაატარა, „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს რესპონდენტთა 80% აფასებს დადებითად, ხოლო ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს  – რესპონდეტთა 29%–ი. 

წინა ანალოგიური კვლევა NDI-ის დაკვეთით აგვისტოში ჩატარდა, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, დაახლოებით, ორი თვით ადრე  და ციხის სკანდალამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე.   

განსხვავებით ნოემბრის კვლევისაგან, აგვისტოს კვლევა, გარდა იმისა, რომ ეკითხებოდა რესპონდენტებს, თუ რომელი პარტია იყო მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, ასევე ინტერესდებოდა, თუ რომელი პარტიისთვის აპირებდნენ ხმის მიცემას.

აგვისტოს გამოკითხვაში ამ ორ კითხვაზე პასუხები ძირითადად სტატისტიკურად ანალოგიური იყო – „ქართულ ოცნებას“ 12%–იანი მხარდაჭერა ჰქონდა და რესპონდენტთა 14%–მა იგი საკუთარ შეხედულებებთან ყველაზე ახლო მდგომ პარტიად დაასახელა, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას –  37% და 38%, შესაბამისად.

თუმცა, აგვისტოს კვლევის დროს რესპონდენტთა დიდმა ნაწილმა – 43%-მა ან უარი თქვა პასუხზე, ან განაცხადა, რომ არ იცოდნენ, ვის მისცემდნენ ხმას, ხოლო 34%–მა ანალოგიური პასუხი გასცა კითხვას, თუ რომელი პარტია იყო მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს.

ნოემბრის კვლევის დროს იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომელთაც ან უარი თქვეს ეპასუხათ, თუ რომელი პარტია მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, ან განაცხადეს, რომ არ იცოდნენ, 18%–მდე შემცირდა.

ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობამ, რომელმაც ოქტომბრის არჩევნებზე 5%–იანი ბარიერი ვერ გადალახა და არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ არენაზე აღარ აქტიურობს, 3%–იანი მხარდაჭერა მიიღო ნოემბრის კვლევის თანახმად.

კვლევის ფარგლებში, რომელიც შვედეთის განვითარების სააგენტომ დააფინანსა, პირისპირ ინტერვიუს გზით 1 947 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +/– 3%-ში მერყეობს.

რეიტინგები და საქმიანობის შეფასება

წინა კვლევების მსგავსად, ნოემბრის კვლევაც შეიცავს პერსონალურ რეიტინგებს.

სიაში შედის 29 პოლიტიკოსი, ასევე საქართველოს პატრიარქი, რომელსაც ყველაზე დადებითი შეფასება აქვს (93%).

მის შემდგომ სიაში არის პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი (80%), რომელსაც მოყვებიან „ქართული ოცნების“ სხვა პოლიტიკოსები, რომელთა შეფასებები მნიშვნელოვად გაიზარდა აგვისტოს შემდეგ: პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი (63%); დეპუტატი თინა ხიდაშელი რესპუბლიკური პარტიიდან (61%); დეპუტატი ეკა ბესელია ივანიშვილის პარტიიდან (61%); დეპუტატი ზვიად ძიძიგური კონსერვატიული პარტიიდან (60%); დეპუტატი კობა დავითაშვილი (53%); პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე (45%).

რესპონდეტთა 69%–მა პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის საქმიანობა შეაფასა ან როგორც „ძალიან კარგი“ ან „კარგი“, ნაცვლად 27%–ისა აგვისტოში, როდესაც 26%–მა უპასუხა, რომ მათ არ იცოდნენ; ნოემბერში ამ უკანასკნელმა მაჩვენებელმა 12% შეადგინა.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკოსების დადებითმა შეფასებამ აგვისტოს ანალოგიური კვლევის შემდეგ იკლო.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგით პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სარგებლობს – 42%, თუმცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი 55%–ს შეადგენდა. შემდეგ მოდის პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის მაჩვენებელიც აგვისტოში არსებული 61%–დან ნოემბერში 29%–მდე შემცირდა; და თბილისის მერი გიგი უგულავა (29%; აგვისტოში – 58%).

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის შეფასებამ  ნოემბერში 28% შეადგინა; აგვისტოში, როდესაც ის პრემიერ–მინისტრი იყო, ეს მაჩვენებელი 62%–ს შეადგენდა.

რეიტინგებში დავით ბაქრაძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის ექვსი პოლიტიკოსია წარმოდგენილი, მათ შორის პრეზიდენტს უსწრებენ ქდმ-ის ლიდერი გიორგი თარგამაძე (35%) და თავისუფალი საქართველოს ლიდერი, თბილისის საკრებულოს წევრი კახა კუკავა (34%). 
 
აგვისტოს შემდეგ ასევე შემცირდა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკოსების საქმიანობის შეფასების მაჩვენებლები.

ნოემბერში რესპონდენტთა 16%–მა შეაფასა პრეზიდენტ სააკაშვილის საქმიანობა ან როგორც „ძალიან კარგად“ ან „კარგად“ მაშინ, როცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი 41%–ს შეადგენდა. დავით ბაქრაძის საქმიანობას, რომელიც ამჟამად ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერია, 21%–იანი მოწონება აქვს, ნაცვლად აგვისტოში არსებული 31%–ისა; თბილისის მერს – 14% (39% აგვისტოში).

ნოემბრის კვლევაში ასევე ნაჩვენებია, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერთა 62% და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა 53% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 19%–ი აცხადებს, რომ „რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს“; ამავეს ფიქრობს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა 52%.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 46% ფიქრობს, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა „ეს საფრთხე გაზვიადებულია“; ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა 26% ფიქრობს ასე.  
 
კვლევა იმ ფართო გამოკითხვის ნაწილია, რომელიც მთელი რიგი მიმდინარე და პოლიტიკური საკითხების მიმართ რესპონდენტების დამოკიდებულებას ასახავს. კვლევის ეს ნაწილი წინა კვირას გამოქვეყნდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button