skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში ვიზიტს აჯამებს

არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში ორ ძირითად პოლიტიკურ ძალას შორის თანაარსებობის შესაძლო „რთულ“ პერიოდში საერთო ენა გამოინახოს, განუცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ტომას მელიამ ჟურნალისტებს თბილისში 13 დეკემბერს.

„ვფიქრობ არის სივრცე იმისთვის რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა  სიტუაცია დაალაგონ და ეცადონ, რომ ჯანსაღი რიტიროკა შეარჩიონ, რაც შესაძლოა კონსენსუსის მიღწევის საფუძველი გახდეს“, – განაცხადა მელიამ.

აშშ-ის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთრინ ნიუკომბი, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტში ევრაზიის რეგიონალური დირექტორია და პროკურატურის განვითარების, დახმარებისა და ტრეინინგების მიმართულებას კურირებს, და ასევე USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწე პეიჯ ალექსანდერი, საქართველოს 12-13 დეკემბერს რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ეწვია. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„ეს პერიოდი, რომელშიც ქვეყანა შევიდა, შესაძლოა თანაარსებობის რთული პერიოდი იყოს. მე ნამდვილად ვხედავ, რომ არიან პატრიოტი ქართველები, კეთილი ნების ადამიანები პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარეს და ვფიქრობ, მათ აქვთ საფუძველი, რომ ერთად იმუშავონ ტრანზიციის სტაბილიზაციისთვის, რათა ის ცვლილება, რომელიც ქართველმა ამომრჩევლებმა მოითხოვეს ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს განხორციელდეს იმგვარად, რომ თანხვედრაში იყოს სტაბილურობასთან და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან და საშინაო სიმშვიდესთან“, – განაცხადა მელიამ 13 დეკემბერს.

12 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ძალიან ბევრი რჩევები მივიღეთ, მათ რიცხვში იმ რთულ საკითხებზე, რომელიც დღეს საქართველოშია, რასაც ჩვენ კოჰაბიტაციას ვეძახით“.

„ის რთული პროცესი, რაც არსებობდა დასაწყისში, მე მგონი, რომ გადავიდა უფრო მარტივ ფორმაში. მეტი გაგებაა დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ამერიკის ადმინისტრაციიდან და ევროპიდანაც“, – განაცხადა ივანიშვილმა.

თომას მელიამ განაცხადა, რომ მას „ძალიან გულწრფელი და ღია საუბარი ჰქონდა იმ საკითხებზე, სადაც ჩვენ გარკვეული წუხილები გაგვაჩნია და ასევე ჩვენი მოწონება გამოვხატეთ იმ რამდენიმე საკითხის მიმართ, რომელიც პოზიტიური მიმართულებით ვითარდება“.

„ჩვენ მტკიცე ურთიერთობას ვაშენებთ ახალ პრემიერ-მინისტრთან და მის მთავრობასთან და ხელს ვუწყობთ შემდგომ მუშაობას ამ საინტერესტო ახალ სისტემაზე, რასაც კოჰაბიტაცია ქვია“, –  განაცხადა მელიამ, რომელიც 12 დეკემბერს პრეზიდენტ სააკაშვილსაც შეხვდა.

„მე ვფიქრობ, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში ორ ძირითად პოლიტიკურ ძალას შორის საერთო ენა გამოინახოს რამდენიმე ძალიან რეალური გამოწვევის მოსაგვარებლად“, – განაცხადა მან, „როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე პრეზიდენტი ამ იდეას ეთანხმებიან და ვფიქრობ, ორივე ეძებს გზას საქართველოში დემოკრატიის გასაძლიერებლად და ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას ამ გზით“.

როდესაც მას 13 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე სთხოვეს საქართველოში ბოლოდროინდელი ძირითადი უარყოფითი და დადებითი ტენდენციები დაესახელებინა, მელიამ განაცხადა, რომ ორივე ძირითადი პოლიტიკური ძალის ზოგიერთი ლიდერისგან არსებობს მზადყოფნის ნიშნები, რომ კომპრომისი იპოვონ და დასძინა, რომ საქართველოსთვის გამოწვევა იქნება, რომ უმრავლესობის მმართველობა უმცირესობის უფლებებს შეუთავსოს.

„ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საუბარი, რომელიც მე მქონდა, იყო ბატონ უსუფაშვილთან და ბატონ ბაქრაძესთან ერთობლივი შეხვედრის დროს“, – განაცხადა მელიამ.

„როგორც ორი საპარლამენტო ჯგუფის ლიდერებმა, მათ გამოხატეს შესაძლებლობა და სურვილი ითანამშრომლონ, რათა გამოინახოს პასუხისისმგებლიანი და ღირსეული კომპრომისები იმ პოლიტიკურ საკითხებზე, სადაც შეიძლება კომპრომისის გამოძებნა და ასევე გამონახონ ცივილური საშუალება არ დაეთანხმონ ერთმანეთს როდესაც შეთანხმება ვერ ხერხდება. მე ვფიქრობ, ეს ძალიან დადებითი ნიშანია საქართველოს დემოკრატიისთვის“, – განაცხადა მელიამ.    

„ის გზა, რა გზითაც უმრავლესობა ურთიერთობს უმცირესობასთან, როგორც პარლამენტში, ისე საზოგადოებაში, ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულობის მნიშვნელოვანი ტესტია. არჩევნებს უმრავლესობა იგებს და გადაწყვეტილებებსაც ის იღებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მათ პატივი სცენ უმცირესობის უფლებას და მათ განსხვავებულ შეხედულებას. ვფიქრობ, საქართველოში ეს იქნება გამოწვევა… რომ უმრავლესობის მმართველობის შეთავსება მოხდეს უმცირესობის უფლებებთან“, – დასძინა მან.

როდესაც მელიას რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან 14 დეკემბერს შვეიცარიაში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ჰკითეს, მან უპასუხა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დიალოგს რუსეთთან იმის თაობაზე თუ როგორ მოხდეს ურთიერთობის ნორმალიზება და გაუმჯობესება“.

„ველით, რომ საქართველო თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს იმაზე, თუ როგორ წავიდეს წინ ამ დიალოგის საშუალებით და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას“, – დასძინა მელიამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button