
პარიზის თქმით, ძიებაში მყოფი ნებისმიერი საქმის გამოყენებას შეუძლია არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე იმოქმედოს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ „ქართველ ოპოზიციონერსა და საფრანგეთში მოქმედ ქართული წარმომავლობის კრიმინალურ ჯგუფებს“ შორის შესაძლო გარიგებაზე მასალების გამოქვეყნებას, რისი ნებართვაც ფრანგულ მხარეს არ გაუცია, „შეუძლია არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე იმოქმედოს“.
„ჩვენ გაოცებულნი ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთში მიმდინარე ერთი საქმის საგამოძიებო საიდუმლოს წარმოადგენს და ეხება შესაძლო გარიგებას ქართველ ოპოზიციონერსა და საფრანგეთში მოქმედ ქართული წარმომავლობის კრიმინალურ ჯგუფებს შორის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საფრანგეთის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა და რომლის ქართულ თარგმანსაც ასევე ავრცელებს თბილისში საფრანგეთის საელჩო.
„საფრანგეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციის გამოქვეყნების ნებართვა არავითარ შემთხვევაში არ გაუცია, რისი უფლებაც, სხვათა შორის, მას არ გააჩნია“, – ნათქვამია განცხადებაში.
„წინასაარჩევნო მგრძნობიარე კონტექსტში, მით უმეტეს, როცა ის საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში წამების შემთხვევების მხილებამ კიდევ უფრო დაძაბა, ძიებაში მყოფი ნებისმიერი საქმის გამოყენებას შეუძლია არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე იმოქმედოს“, – აცხადებს საფრანგეთის დიპლომატიური უწყება.
ამასთან, ფრანგული მხარე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „ყველაფერი იღონოს“ იმისათვის, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.
საქართველოს ხელისუფლებამ 25 სექტემბერს გამოაქვეყნა მასალები, რომელიც საფრანგეთის ჯანდარმერიისგან მიიღო და სადაც საუბარია 2011 წლის 9 ნოემბერს გოგა ხაინდრავას შეხვედრაზე საფრანგეთში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“, რომლებთანაც „შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას. კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და მხედრიონის მსგავსი დანაშაულებრივი ჯგუფების შექმნას“.
საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გოგა ხაინდრავა გუშინ პოლიციამ დაკითხა და მისი მომდევნო დაკითხვა 27 სექტემბერს არის ჩანიშნული.
ხაინდრავამ, რომელიც არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის, დაადასტურა შარშან საფრანგეთში შემდგარი შეხვედრის ფაქტი მის ბავშვობის მეგობართან, ხოლო ბრალდებებს სასაცილო უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ მიმართავს საფრანგეთის საელჩოს, რათა მიიღოს მისგან განმარტება, თუ რას ეხება ეს მასალები.