skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილის კოალიცია რეგიონურ ოფისებს ხსნის


ბიძინა ივანიშვილი (მარცხნივ) 12 მარტს ქარელში თავისი ოპოზიციური კოალიციის აქტივისტებს შეხვდა. ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური.

ფორმირებიდან, დაახლოებით, სამ კვირაში ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, რეგიონული ოფისების გახსნა დაიწყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწყებული კამპანიის ფარგლებში.

ამ ეტაპზე კოალიციის რეგიონული ოფისები გახსნილია ხობში, ქობულეთში, გურჯაანში, ჭიათურაში, მცხეთაში, საგარეჯოში, მარნეულში, ჩხოროწყუში, თიანეთში, სენაკსა და ქარელში. კოალიციის მიზანია, რომ ერთ თვეში მთელი ქვეყანა მოიცვას. უმეტეს შემთხვევაში რეგიონული ოფისების გახსნას კოალიციის სუბიექტების სხვადასხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში ამ პროცესში მონაწილეობა ივანიშვილმა თავად მიიღო.

12 მარტს ივანიშვილი ქარელს ესტუმრა, სადაც ის კოალიციის ოფისის გახნის დროს ადგილობრივ აქტივისტებს შეხვდა.

მისი თქმით, კოალიციის მიმართ გამოთქმული კრიტიკა, რომ ის „ნელა ვითარდება“, უსაფუძვლოა.

„შვიდი თვე არჩევნებამდე, მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი დროა იმისათვის, რომ ჩვენ ზომიერად დავიწყოთ აქტიურობა და მაქსიმალური მუხტი შევინახოთ ძირითადისთვის“, – განაცხადა მან ქარელში კოალიციის აქტივისტებთან საუბრისას.

მან მხარდამჭერებს „მოთმინებისკენ“ მოუწოდა და განაცხადა, რომ მისი კოალიციის „სულისკვეთება ნელ–ნელა გაიზრდება“.
 
„არ ვიჩქაროთ; სწრაფად არ მოხერხდება; მოხერხდება დროულად და მოხერხდება თანმიმდევრულად “, – დასძინა მან. 

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს „მხდალი ხელისუფალი“ ჰყავს, რომელიც მის კოალიციას უკანონო საშუალებებით უპირისპირდება, მათ შორის მისი მხარდამჭერების „დაშინების“ გზით. მისი თქმით, ხელისუფლების „შიში“ მისი კოალიციის მიმართ საფუძვლიანია, „რადგანაც ისინი კარგად ხედავენ, რომ მოდის ძალა, რომელსაც ისინი ვერ შეაჩერებენ“.

„ჩვენ აუცილებლად მოვალთ [ხელისუფლებაში] და მათ [ხელისუფლებას] მოუწევთ პასუხი აგონ იმ ქმედებებზე, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ახორციელებდნენ“, – განაცხადა ივანიშვილმა.  
    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button