ახალი ამბები

პატრიარქი: ახალ სამონასტრო კომპლექსს შეუძლია ქვეყნების მეთაურთა შეხვედრასაც უმასპინძლოს

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, ილია მეორემ დარიალის ხეობაში ახალი სამონასტრო კომპლექსის გახსნისას განაცხადა, რომ ეს იქნება ადგილი, სადაც შესაძლოა ქვეყნების მეთაურებმა მოლაპარაკებები გამართონ და აღნიშნა, რომ ამ ტაძარმა „სასწაული“ შეიძლება მოახდინოს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო და რუსეთი „ისევ მშვიდობიან ურთიერთობაში იქნებიან“.

ყაზბეგის რაიონში, რუსეთ-საქართველოს საზღვართან მთავარანგელოზის სახელობის მამათა სამონასტრო კომპლექსის გახსნას 15 სექტემბერს ასევე დაესწრო პრეზიდენტი სააკაშვილი.

“რუსეთის უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანები და იქიდან რომ შემოვა სტუმარი, ის ნახავს, რომ შევიდა მართლმადიდებელ, მშვიდობიან ქვეყანაში – საქართველოში“, – განაცხადა პატრიარქმა.

„აქ შეიძლება შესდგეს მოლაპარაკება ქვეყნების მეთაურების ისეთი მაღალი დონე იქნება ამ მონასტრის“, – აღნიშნა მან.

“და ვფიქრობ, რომ ეს ტაძარი სასწაულს გვიჩვენებს ჩვენ და ვფიქრობ, რომ ეს სასწაული გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი ქვეყნები ისევ მშვიდობიან ურთიერთობაში იქნებიან. ბატონო მიხეილ, ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს“, – მიმართა ილია მეორემ პრეზიდენტ სააკაშვილს.

საქართველო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 15 სექტემბერს გამოქვეყნებულ პრეს–რელიზში განაცხადა: "ქადაგებისას, სრულიად საქართველოს პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ამ მონასტრის მნიშვნელობაზე, რადგან მონასტერი დარიალის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარეობს. უწმინდესმა და უნეტარესმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ტაძრის მადლით, ორი ქვეყანა ურთიერთობას აღადგენს და ისევ მშვიდობა დამკვიდრდება".

იმავდროულად, სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისთვის, რომელიც რამოდენიმე წლის წინ დაიწყო, კერძო შემოწირულობებთან ერთად, „ძირითადი დაფინანსება წამოვიდა საქართველოს მთავრობისგან“.  

“განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვე, როცა ზოგიერთი პოლიტიკოსი თბილისში ძალიან აქტიურად ლაყბობდა და ყიყინებდა – სხვა სიტყვა არ ქვია ამას – იმის თაობაზე, თუ როგორ ებრძვის საქართველოს მთავრობა, ე.ი. ჩვენ როგორც ვებრძვით ეკლესიებს, ჩვენ ამასობაში ვაშენებდით ამ ეკლესიას და კიდევ ასობით სხვა ეკლესიას ვაღდგენდით, ვაშენებდით“, – გაიმეორა მან ცოტა ხნის წინ გაკეთებული ანალოგიური განცხადება.

“და ასე გავაგრძელებთ მომავალში. იმიტომ, რომ ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, ეს არის საქართველოს უმთავრესი სულიერი მემკვიდრეობა; ეს არის საქართველოს იდენტურობის, მეობის, ჩვენი ევროპულობის – ყველაფრის ძალიან მნიშვნელოვანი პასპორტი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

Back to top button