ახალი ამბები

HSBC ქართულ ბაზარს ტოვებს

ბრიტანული ბანკი HSBC საქართველოს 2012 წლის დასაწყისში დატოვებს, რაც ბანკის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ის იმ ბაზრებიდან გასვლას გეგმავს, სადაც საბანკო საქმიანობას მცირე მასშტაბით ეწევა,  განაცხადა HSBC Bank Georgia–მ 6 სექტემბერს.

„HSBC საქართველო მომხმარებლებს სთავაზობდა საბანკო მომსახურების არასრულ სპექტრს და მიუხედავად ქვეყანაში გატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა, ვთვლით, რომ ამჟამად დადგა ბაზრიდან გასვლის დრო. იმისათვის, რომ პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს, ბანკი უზრუნველყოფს სწორი და დროული ინფორმაციის მიწოდებას მარეგულირებელი ორგანოსთვის, ბანკის თანამშრომლებისა და მომხმარებლებისათვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს საქართველოში მათი ძალისხმევისთვის და საქმისადმი ერთგულებისთვის“ – განაცხადა HSBC Bank Georgia–ს გენერალურმა დირექტორმა გაი ლუისმა.

ბანკმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება არის პოლონეთისა და რუსეთის საცალო ბიზნესის დახურვის ლოგიკური გაგრძელება.

HSBC–მ საქართველოში საბანკო საქმიანობა 2008 წლის ივნისიდან დაიწყო. რუსთაველის გამზირზე განთავსებული ბანკის ცენტრალური ოფისი, ძირითადად, კორპორატიულ საბანკო მომსახურებაზე იყო ფოკუსირებული. 

ბანკმა დახურვის პროცესი უკვე დაიწყო შეაჩერა რა ახალი კლიენტების მიღება. თუმცა არსებულ მომხმარებლებს ბანკი გაუწევს სრულ საბანკო მომსახურებას საკონტრაქტო ვალდებულებების შესაბამისად. ბანკის საბოლოოდ დახურვა დაგეგმილია 2012 წლის დასაწყისისთვის.

”აღნიშნულ დრომდე HSBC უზრუნველყოფს არსებული მომხმარებლების შეუფერხებელ გადასვლას სხვა საბანკო ინსტიტუტებში,” – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

Back to top button