ახალი ამბები

ებრაელი ბიზნესმენების საქმეზე განაჩენი ოთხშაბათს გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით დაკავებული ისრაელის ორი მოქალაქის საქმეზე განაჩენს 30 მარტს გამოიტანს. 

ორშაბათს სასამართლომ ორივე განსასჯელის – რონ ფუქსის და ზეევ ფრენკელის – საბოლოო სიტყვა მოისმინა. ორივემ კიდევ ერთხელ უარყო მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და განაცხადა, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგებული მახის მსხვერპლნი გახდნენ.

ფუქსმა, რომელსაც საქართველოსთან მრავალმილიონიანი ხანგრძლივი დავა აქვს, სასამართლოს განუცხადა, რომ მას ქრთამი არავისთვის შეუთავაზებია და რომ მისი დაპატიმრებით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს უარი ათქმევინოს იმ 98.1 მილიონ აშშ დოლარზე, რომელიც მან საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მოუგო.

მისი თქმით, მის წინააღმდეგ განხორციელებულ გეგმაში მონაწილეობდნენ ქართველი მაღალჩინოსნები, მათ შორის პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური. მან უკმაყოფილება გამოთქვა რომ სასამართლომ არ მისცა დაცვის მხარეს საშუალება პროცესზე პრემიერ–მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები დაეკითხა. 

როდესაც მან სასამართლოსთან მიმართებაში ტერმინი ”ეგრედ წოდებული” გამოიყენა, მოსამართლემ მას სიტყვა გააწყვეტინა და სასამართლოს პატივისცემისკენ მოუწოდა. ფუქსმა, რომელმაც პროცესის დროს დუმილის უფლება გამოიყენა და სასამართლოს ჩვენება არ მისცა, ასევე განაცხადა საბოლოო სიტყვაში, რომ გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს რეპუტაციას ავნებს.

Back to top button