ახალი ამბები

ალასანია: მმართველმა პარტიამ ხმების უმეტესობა უსამართლო გზით მიიღო

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ხელისუფლებამ ამომრეჩველთა ხმები უსამართლო გზით მიიღო 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც ”მასშტაბური დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა”.

”უმთავრესი უკანონობა და უსამართლობა, რომელიც ამ არჩევნებისას მასიურად გამოიყენა ხელისუფლებამ, იყო აშკარა და უხეში ზემოქმედება ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე და ამ ნების კონტროლი,”- განაცხადა ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ”არა მხოლოდ უკანონობა, არამედ უზნეობაცაა, როდესაც ხელისუფლება ჩვენი უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეების მდგომარეობას საკუთარი მიზნებისთვის – ძალაუფლების შენარჩუნებისთვის – იყენებს.

მისი თქმით, თბილისსა და რეგიონებში ადგილი ჰქონდა ”ძალიან ბევრ” კანონდარღვევას: ”მასიური  მასშტაბებით” ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, სპეცუბნების მეშვეობით საარჩევნო პროცესის მანიპულირებას, დამკვირვებლების საქმიანობის ხელშეშლას, კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევას.

ალასანიამ განაცხადა, რომ ”ალიანსი” დარღვევებზე სათანადო რეაგირებას ახდენს.

”შეტანილი გვაქვს ორასამდე საჩივარი. ჩვენს ხელთ არის ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტების დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერებიც,”- განაცხადა მან.

ალასანიამ თბილისის მერის არჩევნებზე ხმათა 19% მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა გიგი უგულავას 55%-იანი მაჩვენებლის შემდეგ. მისმა ”ალიანსმა” თბილისის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში ასევე მეორე ადგილი დაიკავა და დიდი ალბათობით 5 მანდატი აიღო საკრებულოში. მან არჩევნების მეორე დღეს განაცხადა, რომ იწყებს მზადებას საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 2012 წელს არის დაგეგმილი. 

მისი თქმით, ამ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები სამომავლოდ უნდა აღმოიფხვრას.

კითხვაზე ითანამშრომლებს თუ არა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე სხვა პოლიტიკურ ძალებთან, ალასანიამ უპასუხა: ”ჩვენ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც დაინტერესებული იქნება მშვიდობიანი გზით საარჩევნო პირობების შექმნისთვის ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები”.

გუშინ ეროვნული ფორუმი, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში არ მონაწილეობდა, გამოვიდა ინიციატივით საარჩევნო გარემოს შეცვლის იდეის ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანების თაობაზე.

Back to top button