
ქრისტიან-დემოკრატები ადგილობრივ არჩევნებში ”მყარ წარმატებაზე” საუბრობენ
ქრისტიან-დემოკრატები აცხადებენ, რომ მათ ”მყარ” წარმატებას მიაღწიეს 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებზე.
”თუკი რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას გააჩნია მყარი საფუძველი წარმატებაზე საუბრისა, ეს ვართ ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მთელი საქართველოს მასშტაბით ოპოზიციურ ფლანგზე ავიღეთ მყარი პირველი ადგილი,”- განაცხადა პარტიისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ 31 მაისს პრესკონფერენციაზე.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქრისტიან-დემოკრატები ქვეყნის მასშტაბით ჯერ-ჯერობით მეორე ადგილზე არიან ხმათა 11.87 %-ით [”ალიანსს” ქვეყნის მასშტაბით 11.13 % აქვს ამ ეტაპზე], ხოლო თბილისში მესამე პოზიციაზე (11.52 %) გავიდნენ მმართველი პარტიისა (51.93 %) და ალიანსი საქართველოსთვის (18.81%) შემდეგ.
”ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველა თვითმმართველ ქალაქსა და რეგიონში, ფაქტობრივად გვაქვს მეორე ადგილი, ნაციონალური მოძრაობის, უფრო სწორედ სახელისუფლებო სისტემის შემდეგ, ”- განაცხადა თარგამაძემ.
”ჩვენ გავაორმაგეთ ჩვენი შედეგი საქართველოს დედაქალაქში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გაორმაგებული ენერგიით შევუტევთ იმ მანკიერ მხარეებს დღევანდელი ქართული ხელისუფლების მოქმედებებისა, რომელიც იყო მიუღებელი და არის მიუღებელი,”- აღნიშნა მან.
ქრისტიან-დემოკრატების მერობის კანდიდატი გიორგი ჭანტურია პირველი იყო კონკურენტებს შორის, რომელმაც ჯერ კიდევ ცესკოს წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების დაწყებამდე, 30 მაისს საღამოს მოქმედ მერს მმართველი პარტიიდან, გიგი უგულავას გამარჯვება მიულოცა.