
სააკაშვილი: საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება ”დიდი ისტორიული გარღვევა” იქნება
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის მიწურულს საქართველოში ძირითადი საყოფაცხოვრებო პირობები მოგვარებული იქნება.
”მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ თუ ჩვენი მთავრობის ვადა, ჩემი პრეზიდენტობა შევა ისტორიაში, როგორც ვადა, რომელშიც ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში საბოლოოდ გადაწყდა ელექტროენერგიის, გაზის, წყლის და გზის საკითხი, ეს უკვე იქნება დიდი ისტორიული გარღვევა. ნუ აღარ ვლაპარაკობთ ყველაფერ დანარჩენზე, რაც კეთდება,”- განაცხადა მან 1 აპრილს ბათუმში.
სააკაშვილი წყალმომარაგების რეგიონულ პროექტებს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად პირდაპირ სატელევიზიო ეთერში მიმოიხილავდა. მანამდე მან ქუთაისსა და ქობულეთში მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
”საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივიღოთ ის, რომ 2012 წლის ბოლოს 2013 წლის დასაწყისში – ეს არის საპრეზიდენტო ვადა – საქართველოში საერთოდ აღარ უნდა იყოს მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი, სადაც არ იქნება თანამედროვე წყალსადენი და თანამედროვე კანალიზაცია,”- განაცხადა მან.
სააკაშვილის თქმით, დაახლოებით 1 მლრდ ლარი დაიხარჯება წყალმომარაგების პროექტებზე, 3 მლრდ ლარი იხარჯება გზების რეაბილიტაციაზე, ხოლო 3 მლრდ ელექტროენერგიაზე.
”ეს ნიშნავს, რომ 7 მლრდ ლარად საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ყველა ძირითადი საყოფაცხოვრებო საკითხი იქნება მოგვარებული… რომ ჩვენი ბავშვები გაიზრდებიან ისე, რომ საერთოდ წარმოდგენა არ ექნებათ რა არის უშუქობა, უგაზობა და უწყლობა,”- აღნიშნა მან.