ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის, პარლამენტის და პოლიტიკური პარტიების მემორანდუმი

22 თებერვალი 2010 წელი

2009 წლის ნოემბერ-დეკემბერში პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ოფისში ჩატარდა ინდივიდუალური  და ერთობლივი შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას შორის. ამ შეხვედრების მიზანი იყო მხარეებს შორის მომხდარიყო შეთანხმება ახალი პოლიტიკური არხის ფორმატზე და პროგრამირებაზე. კონსულტაციების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ ძირითად პრინციპებზე, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ შემდეგი სუბიექტები: საქართველოს პარლამენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და პოლიტიკური პარტიები.

მემორანდუმზე ხელის მომწერი სუბიექტები თანხმდებიან:

  • არხი უზრუნველყოფს პარლამენტის პლენარული სხდომების და მნიშვნელოვანი საკომიტეტო განხილვების პირდაპირ ეთერში გაშუქებას.
  • ახალი პოლიტიკური არხი უზრუნველყოფს ოპოზიციური პარტიებისთვის  ყოველდღიურად დროის გამოყოფას პირდაპირი ეთერის რეჟიმში ყოველგვარი სარედაქციო ჩარევის გარეშე. პარტიებს დაეთმობათ ერთსაათიანი ზოლი (,,თავისუფალი ტრიბუნა“), რომელსაც გადაინაწილებენ თანმიმდევრობით. გადაცემა ეთერში გავა პრაიმტაიმში (22:00 – 23:00 საათი ).
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკურ პარტიებს აძლევს სრულ თავისუფლებას, ერთმანეთში შეთანხმდენენ, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიებს დაეთმობათ დრო ახალი პოლიტიკური არხის პირდაპირ ეთერში (კრიტერიუმები მოცემულია დანართში). ღია ეთერში განკუთვნილი დროის რიგითობის განსაზღვრის წესსზე თანხმდებიან მემორანდუმზე ხელისმომწერი პარტიები. პარტიების რიგითობის შეთანხმებულ სიას საზოგადოებრივ მაუწყებელს აწვდის ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი.
  • არხი უზრუნველყოფს დებატებს კანონოპროექტებზე, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს პარლამენტში. ასევე, არასასესიო პერიოდში დებატებს პოლიტიკურ თემებზე. დებატები ეთერში გავა კვირაში არანაკლებ ერთხელ და სრული პარიტეტის დაცვით მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
  • „თავისუფალი ტრიბუნისა“ და დებატების ანონსი გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში წინა დღეს. 
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს საღამოს ეთერში გასული გადაცემების გამეორებას დილის ეთერში, რამაც ხელი არ უნდა შეუშალოს საქართველოს პარლამენტიდან პლენარული და კომიტეტების სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლაციას.
  • ამის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი მემორანდუმზე ხელისმომწერ პარტიებს სთავაზობს მათი ბრიფინგების და პრეს-კონფერენციების სრული ჩანაწერების იმავდღიურ გადაცემას ახალი პოლიტიკური არხის ეთერში. პარტიები თავის მხრივ იღებენ ვალდებულებას, რომ მოახდინონ პრეს-კონფერენციების და ბრიფინგების ჩატარების დროის ერთმანეთში კოორდინაცია.
  • პარტიები, რომლებიც ხელს არ მოაწერენ მემორანდუმს არ ისარგებლებენ ახალი პოლიტიკური არხის სრული მომსახურებით. არხი უზრუნველყოფს იმ პარტიების ბრიფინგების სრული ჩანაწერების იმავდღიურ გადაცემას რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, მაგრამ არ არიან მემორანდუმზე ხელისმომწერები.
  • პარტიები პირდაპირ ეთერში იმოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობაში, სხვა ნორმატიულ აქტებსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში ასახული ეთიკური ნორმების შესაბამისად.
  • მემორანდუმი ღიაა ხელმოწერისთვის 2010 წლის 1 აპრილამდე.
  • შენიშვნა: აღნიშნული მემორანდუმი ძალაშია მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე.
  • მემორანდუმზე ხელისმომწერი პარტიების ცვლილების შემთხვევაში ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი აზუსტებს მემორანდუმში მონაწილე პარტიათა ახალ სიას, პირდაპირ ეთერში მათი რიგითობის ახალ გრაფიკს და აწვდის მას საზოგადოებრივ მაუწყებელს.

დანართი:

პარტიების შერჩევის შეთანხმებული კრიტერიუმები:

  • პარტიები, რომელთაც ჰყავთ წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში
  • კვალიფიციური სუბიექტები;
  • პარტიები რომლებიც პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით მიწვეულნი იყვნენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად;
  • საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის წევრი პარტიები;
  • სუბიექტები, რომელთაც გადალახეს 10% ბარიერი 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ხელმომწერი პარტიების სიას:

1. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
3. დაიცავი საქართველო – ლევან გაჩეჩილაძე
4.ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი
5. ჩვენ თვითონ
6. კონსერვატიული პარტია
7. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
8. საქართველოს დემოკრატიული პარტია
9. ქართული დასი
10. ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები
11. ხალხის პარტია
12. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის
13. თავისუფლება

Back to top button