ახალი ამბები

რიგი ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სიებში უზუსტობებზე მიუთითებენ

რიგი ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სიებში აღმოჩენილ უზუსტობებზე მიუთითებენ მას შემდეგ, რაც მათ სიების გადამოწმების პროცესი დაიწყეს. ცესკოს თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ უზუსტობები მთლიანი სიის 1%-ს არ აღემატება.

თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან 15 თებერვალს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსმა საქართველოსთვის თბილისის ის საცხოვრებელი ბინები გადაამოწმა, სადაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 30 და მეტი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.  მისი თქმით, ეს ადამიანები ფიგურირებდნენ  სიებში, რომელიც ცესკოს-გან 9 თებერვალს მიიღეს, თუმცა 12 თებერვალს გადაცემულ ვერსიაში 7 000 ადამიანი საერთოდ გაქრა სიებიდან ჩანაწერით  – ”მოხსნილია რეგისტრაციიდან მესაკუთრის განცხადებით”.  მან გაავრცელა სამი კონკრეტული ბინის მისამართი მასში რეგისტრირებული პირების (48, 55 და 71 ოდენობით) სიებით. 

რესპუბლიკური პარტია მიმართავს მთავარ პროკურორს გამოიძიოს ამ 7 000 მოქალაქის ირგვლივ არსებული გარემოებები და დაადგინოს ის მოხელეები,  ვინც ”გააყალბა მოქალაქეების სარეგისტრაციო მონაცემები და ვის პოლიტიკურ მითითებებს ასრულებდნენ ისინი". 

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისმა თანამშრომლებმა ”კარდაკარ” შემოიარეს ის მისამართები, სადაც ბევრი ადამიანი იყო რეგისტრირებული და ”მესაკუთრეებს მოვახსნევინეთ რეგისტრაციიდან ეს ხალხი”. მისი თქმით, სააგენტოს შეუძლია 3 დღეში გამოასწოროს ის შეცდომა, რასაც პარტიები დააფიქსირებენ.

საარჩევნო სიებში არსებულ უზუსტობებს დღესვე პრესკონფერენცია მიუძღვნა მრეწველთა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ.

”სიები კვლავ გაბერილია უსაშველოდ და სიებში არიან ისეთი ამომრჩევლები რეგისტრირებული, რომლებიც ან ბუნებაში არ არსებობენ ან რეგისტრირებული არიან რამოდენიმე ადგილზე,”- განაცხადა მან და დასძინა, რომ 3.5 მლნ-ზე მეტი ამომრჩეველი საქართველოში არ არსებობს.

ცესკო-ს თავმჯდომარემ  ზურაბ ხარატიშვილმა ოპოზიციის ბრალდებების საპასუხო პრესკონფერენციაზე  განაცხადა, რომ ”სიებში არსებობს გარკვეული უზუსტობები, თუმცა ის ჩვენი შეფასებით, არ აღემატება საერთო რაოდენობის 1%-ს”.

მისი თქმით, უზუსტობების შესახებ ინფორმაციით ცესკო-სთვის არავის მიუმართავს. მან მოუწოდა პარტიებს აღმოჩენილი ხარვეზები ცესკო-ს წარუდგინონ წერილობით, რათა ”მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება”. 

სიების გადამოწმება 12-მა პარტიამ კანონით დადგენილ ვადაზე – 5 თებერვალი –  რამოდენიმე დღის დაგვიანებით დაიწყო. კანონის თანახმად, სიების გადამოწმება 15 მარტისთვის უნდა დასრულდეს,  შედეგები კი ცესკოს 31 მარტამდე წერილობით ეცნობოს. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.2 მლნ ლარია გამოყოფილი.

Back to top button