
Myvideo.ge-ზე ”კავკასიის” მაუწყებლობა ”ტექნიკური პრობლემის” გამო შეჩერდა
ქართულ ვიდეოპორტალ Myvideo.ge-ზე ტელეკომპანია ”კავკასიის” რეტრანსლირება ”ტექნიკური პრობლემების” გამო არის დროებით შეჩერებული და პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ ”უახლოეს პერიოდში” აღდგება, – განუცხადეს ვიდეოპორტალის მფლობელ კომპანიაში Civil.Ge-ს.
ITDC, ვებდიზანის და IT სერვისების კომპანიაა, რომლის კუთვნილი Myvideo.ge ქართულ ვებგვერდებს შორის ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ვიდეო ფაილების ატვირთვის და ნახვის გარდა, ვებგვერდზე შესაძლებელია ქართული და რამოდენიმე უცხოური ტელეარხის პირდაპირ ეთერში ხილვა და უკან გადახვევის საშუალებით ბოლო ათი დღის არქივის ნახვაც.
ვიდეოპორტალიდან ”კავკასიის” ამოღებას მოჰყვა სხვადასხვა ვარაუდები, რომ ეს შესაძლოა ინტერნეტში ცენზურა ყოფილიყო. ITDC-ის დამკვეთებს შორის არიან სახელწიფო სტრუქტურები, რომლებსაც ის ვებ-სერვისებით უზრუნველყოფს.
ITDC-ში ასევე აცხადებენ, რომ ტექნიკური პრობლემის გამო ვიდეოპორტალიდან ასევე შეჩერდა National Geographic-ის რეტრანსლაციაც.