”იმედი”: გამოკითხულთა უმეტესობა სააკაშვილის მესამე ვადით პრეზიდენტობის მომხრეა
”ქრონიკის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, ორშაბათს ტელეკომპანია ”იმედი” აცხადებდა, რომ ”6 წლის შემდეგ, გამოკითხულთა 60% სააკაშვილის მესამე ვადით პრეზიდენტობის მომხრეა”.
”დრამატული მოვლენებით აღსავსე 6 წელი საკმარისი უნდა ყოფილიყო ქვეყნის მეთაურის რეიტინგის დაზარალებისთვის, თუმცა საქართველოში ჩატარებული ყველა საერთაშორისო და სანდო პოლიტიკური კვლევა აჩვენებს, რომ სააკაშვილი რეიტინგით სწორედ ახლაა უკეთეს პოზიციებზე, ვიდრე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში,”- ნათქვამი იყო სიუჟეტში.
სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე და კონსტიტუციურად საბოლოო ვადა 2013 წელს იწურება.
სხვა კვლევებთან ერთად ”იმედის” რეპორტაჟში მოყვანილი იყო ასევე აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ განხორციელებული კვლევა.
“ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო კი NDI-ის მიერ დასმული ის შეკითხვა იყო, სადაც ამომრჩეველს კითხეს, თუ ვის ისურვებდნენ ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატად მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამომრჩეველთა 60%-მა მმართველი პარტიის სასურველ კანდიდატად ისევ მიხეილ სააკაშვილი დაასახელა,” – განაცხადა ”იმედმა”.
NDI-ის თბილისის ოფისში Civil.Ge-ს განუცხადეს, რომ ორგანიზაცია ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს, რადგან ორგანიზაციის ამჟამინდელი პოლიტიკაა მისი დაკვეთით გაკეთებულ კვლევებზე მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებს არ გამოეხმაუროს.
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული პოლიტიკური კვლევები საჯარო არ არის და ის მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისთვის არის ხელმისაწვდომი.
თუმცა როგორც NDI-ის თბილისის ოფისში განაცხადეს, ორგანიზაცია ამ მიდგომის შეცვლას აპირებს და მომდევნო კვლევებს ის უკვე საჯაროს გახდის.