ახალი ამბები

სააკაშვილის გამოსვლა უშიშროების საბჭოზე – სრული ტექსტი

9 ივლისი

პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის პრეზიდენტის მოსკოვურ განცხადებებთან დაკავშირებით:

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ამ შეხვედრას მოსკოვში იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამდენად დიდი არის ამ გეოპოლიტიკური სიტუაციის ფასი საქართველოსთვის, საქართველოს მომავლისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქის დაცულობის და კეთილდღეობისთვის.

მე ვფიქრობ, რომ შარშან, ყველა მიხვდა ახლა ამას, რომ რუსეთი ძალიან დიდი ხანია ემზადებოდა ომისთვის. და შარშან, სამწუხაროდ, ამ ომისთვის მომზადებულმა პუტინის მთავრობამ მიიღო რამდენიმე ძალიან არასწორი გზავნილი დასავლეთიდან და ჩვენი ტრადიციული პარტნიორებიდან. ბევრი მოხდა იმის გამო, რომ არავის არ სჯეროდა, რომ ეს თავდასხმა ნამდვილად განხორციელდებოდა. ფაქტია, რომ ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდა ბუქარესტის სამიტზე MAP-ზე უარის თქმას რამდენიმე ჩვენი პარტნიორის მხრიდან. მე ვფიქრობ, ორაზროვანი დასკვნა გამოიტანეს მათ ამერიკა-რუსეთის სამიტიდან სოჭში. თუმცა, ეს არ ყოფილა ამერიკელების განზრახვა, მე ეს კარგად ვიცი, მაგრამ დასკვნა მათ გამოიტანეს ორაზროვანი. ის, რომ მათ პროვოკაციაზე დასავლეთმა ადეკვატური პასუხი არ გასცა, ესეც ის ფაქტორი იყო, რამაც გააგულისა და გაათამამა პუტინი საქართველოზე თავდასხმის განსახორციელებლად.

შემდეგ, თქვენ გახსოვთ ძალიან ძლიერი რეაქცია ევროკავშირიდან და განსაკუთრებით ამერიკის, თუნდაც რამდენიმე დღის დაგვიანებით, მაგრამ ძალიან მკვეთრი ჩართულობა – და ეს რამდენიმე დღე ჩვენ მოგვაგებინა ჩვენი შეიარაღებული ძალების გმირულმა წინააღმდეგობამ, და ახლა ხო ციფრები დაიდო, 12-ჯერ, 14-ჯერ მეტი ცოცხალი ძალის წინააღმდეგ, აღარ ვლაპარაკობ 200 თვითმფრინავზე და იმ უპირატესობაზე, რომლის გაზომვა ზუსტად არ შეიძლება – ჩვენ რეალურად ასმაგად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს დავუპირისპირდით და ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა მოგვცეს საშუალება რამდენიმე დღე მოგვეგო. 

ამის შემდეგ, ამერიკის პირდაპირმა ჩართულობამ განაპირობა, რომ რუსეთმა ვერ განახორციელა მთავარი გეგმა – საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის, საქართველოს დედაქალაქში შემოსვლის და ქართული არმიის განადგურების. თქვენ იცით, რომ მთელი ეს პერიოდი პუტინი არ მალავდა იმედგაცრუებას და ასევე პრაქტიკულად ხმამაღლა აცხადებდა იმის შესახებ, რომ მას ეს საქმე აქვს დასამთავრებელი. 

მას [პუტინს] აქვს დასამთავრებელი საქართველოს სრული გაკონტროლება, ე.ი. რეალურად შუა აზიის და კასპიის აუზის მთლიანი გაკონტროლება, ყველა ენერგეტიკული ხაზის გაკონტროლება და რეალურად საბჭოთა კავშირის აღდგენა ამით დასრულდებოდა, თუ ის გააკონტროლებდა საქართველოს. მეორე მხრივ, მას ყავს გასანადგურებელი საქართველოს შეიარაღებული ძალები, საქართველოს უსაფრთხოების პოტენციალი იმიტომ, რომ ეს არის, მათი თვალსაზრისით, სერიოზული გამოწვევა რუსეთისთვის.

ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, რისკი გარკვეული და ძალიან სერიოზული, გულწრფელად ვთქვათ, სამხედრო თავდასხმის, გარკვეულ პერიოდამდე რუსეთის მხრიდან საქართველოზე, საქართველოს დედაქალაქზე, რა თქმა უნდა, არსებობდა. მაგრამ მე ვფიქრობ, პირველი ძალიან სერიოზული სიგნალი, რომელიც გააგზავნეს ჩვენმა პარტნიორებმა, მოხდა ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოში, სადაც პირველად 1993 წლიდან რუსეთი იძულებული იყო რეგიონალურ კონფლიქტებთან მიმართებაში გამოეყენებინა ვეტოს უფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთი აღმოჩნდა სრულ იზოლაციაში. მან ვერ გაიტანა ორგანოში, სადაც მას აქვს ამდენი ბერკეტი და ფლობს ვეტოს უფლებას, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ვერ გაცვალა ეს საკითხები ვერაფერ სხვაში, რასაც ადრე ძალიან ხშირად ახორციელებდა ხოლმე ბევრ სიტუაციაში, მათ შორის საქართველოს სიტუაციასთან მიმართებაშიც.

პირველი მყარი მესიჯი განსხვავებით გასული წლის თებერვლიდან, განსხვავებით ბუქარესტისგან მიიღო მან ნიუ-იორკში და მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებით კარგად იმუშავა აგრეთვე ჩვენმა დიპლომატიამ, მაგრამ ჩვენ მარტო ვერაფერს ვერ გავხდებოდით, თუ არა საფრანგეთის ძალიან მკვეთრი პოზიცია, თუ არა გერმანიის უჩვეულოდ ღიად გამოხატული პოზიცია და თუ არა ამერიკელების ძალიან უკომპრომისო პოზიცია, რომელიც იყო ჩვენთან შეთანხებული და ჩვენ წინასწარ მათთან ერთად ყველაფერი ეს გავიარეთ. 

და რაც მთავარია ყველა ელოდებოდა მედვედევის შეხვედრას მოსკოვში იმიტომ, რომ ამ შეხვედრისგან რუსებმა წინასწარ განაცხადეს რა უნდოდათ. ისინი მზად იყვნენ გადაეხადათ მაღალი პოლიტიკური ფასი, გაეკეთებინათ გარიგებები დაწყებული განიარაღებიდან, დამთავრებული ავღანეთის და ირანის საკითხებით საქართველოს სანაცვლოდ. ისინი მზად იყვნენ განეხორციელებინათ კლასიკური ვაჭრობა, როგორც ადრე ხდებოდა ხოლმე – გაეცვალათ საქართველოს კონტროლი იმაზე, რომ ყველა სხვა საკითხში მზად იყვნენ ეთანამშრომლათ ამერიკასთან, ვაშინგტონთან, ახალ ადმინისტრაციასთან და ჩვენ სხვა პარტნიორებთან ევროპაში. 

ეს რომ განხორციელებულიყო, ან თუნდა ორაზროვანი პატარა მესიჯი რომ მისვლოდათ მათ, რომ პრინციპში ამერიკა და დასავლეთი მზად არიან, რომ ეს გადაყლაპონ, ჩვენ გაგვიმეორდებოდა აქ 1921 წელი. 

ილუზია ნუ გვაქვს იმის თაობაზე, რომ ჩვენ გამოვაცხადებთ ნეიტრალიტეტს, არ გვეყოლება პარტნიორები და რუსეთი ამით დაწყნარდება და უარს იტყვის გეგმაზე, რომ შუა აზია და კასპიის რეგიონი გააკონტროლოს, გადაკეტოს ენერგო დერეფნები და გააკონტროლეს მთლიანად ეს რეგიონი აწი და უკუნითი უკუნისამდე. რა თქმა უნდა, ეს არის მათი გეგმები. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ურთიერთობა აქვს მას სააკაშვილთან, ივანესთან, თუ პეტრესთან. ეს არის კონკრეტული სტრატეგიული ამოცანა, როცა შენ გაქვს იმპერიული ამბიციები.

ყველა პასუხზე ვაჭრობის შესაძლებლობის შესახებ, მათი აგრესიის მოთმენის და არ რეაგირების შესახებ, საქართველოს საკითხის მეორეხარისხოვნად ქცევის შესახებ მათ მიიღეს ჩვენი ახალი სტრატეგიული პარტნიორისგან, ამერიკისგან მტკიცე უარი. ვაჭრობა არ შედგა, საქართველო არ გაყიდეს.

იმის შემდეგ, რაც ჩაეშალათ რუსებს საქართველოს დესტაბილიზაციის გეგმები დაწყებული თებერვლიდან, მარტიდან და  განსაკუთრებით 9 აპრილიდან, სადაც, და დავანებოთ თავი ჩვენ შიდა პოლიტიკურ პრობლემებს – და რა თქმა უნდა, ეს პრობლემები შიდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს ძირითადად, – მაგრამ, რა თქმა უნდა, ინტერესი გარკვეული ნაწილით, მათ შორის დაფინანსებით და ჩვენ ეს ყველამ დავინახეთ, რომ მათ ჰქონდათ და ექნებათ მომავალშიც, მაგრამ ჩაეშალათ ეს გეგმა. იმიტომ, რომ ამას რომ მიეღწია წარმატებისთვის, ჩვენთვის მხარდაჭერის მოპოვება ჩვენი პარტნიორებისგან იქნებოდა ძალიან ძნელი. ძალიან ძნელია დაუჭირო მხარი ქვეყანას, რომელიც თვითონ არის დაკავებული საკუთარი თავის განადგურებით, თვითონ არის შიგნით ერთმანეთს გადაკიდებული და დარეული და თვითონ არ უნდა რომ დაეხმაროს საკუთარ თავს – მაგრამ ეს ჩაიშალა.

და ამგვარად დღეს, ერთი მხრივ, ეს შიდა დესტაბილიზაციის გეგმა ჩაიშალა, მეორეს მხრივ, ვაჭრობის ყველანაირი იმედი მათ მოესპოთ, ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, მე შემიძლია ვთქვა ძალიან თამამად: ყველანაირი ჩვენი შიშები და მოლოდინები საფრთხის შესახებ არ გამართლდა და ყველანაირი იმედები რევანშის და ახალი სამხედრო კონფრონტაციის განსახორციელებლად აგრესიული ნაწილის ჩვენი მეზობლის, რომელსაც, რა თქმა უნდა, სჭირდება თბილისის აღება, რა თქმა უნდა, სჭირდებოდა საქართველოს გაკონტროლება იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა მთელი რეგიონი და შეენარჩუნებინა, მათ შორის ჩვენი დაპყრობილი ტერიტორიები – ეს არ გამოვიდა.

მშვენივრად იციან მოსკოვში, რომ თუ საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა, თუ საქართველო დარჩა დემოკრატიული სამყაროს პარტნიორად, ერთი პროცენტი შანსი პერსპექტივაში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნების რუსეთს არ გააჩნია. ეს არის 21-ე საუკუნე და როცა ოკუპაციას არავინ არ აღიარებს, როცა ყველა ამას აქტიურად ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, ამას ვერ შეინარჩუნებ.

ობამამ ნათლად თქვა: მყარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მყარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მთელ ტერიტორიაზე და ამ მიმართულებით პოლიტიკის ჩამოყალიბება.

და თუ ადრე რუსეთს ჩვენი წინამორბედის მიერ გაფორმებული ბრიყვული ხელშეკრულების შედეგად  – როდესაც კგბ-ს ოფიცერი პეტრე ჩხეიძე გვყავდა რუსეთში ელჩად და პირდაპირ რუსეთის მისიაში იჯდა – გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ოკუპაცია მოახდინა ჩვენი ტერიტორიების, ოღონდ ეს ჰქონდა რეალურად ლეგალიზებული გაეროს მეშვეობით და ყველა ამას აღიარებდა, რეალურად ჰქონდა სიტუაცია, როცა ჰქონდა ოკუპირებული, მაგრამ ამას არავინ არ აღიარებდა და ხდებოდა ამ ტერიტორიების ჩუმი ანექსია.

დღეს რუსეთმა შარშანდელი აგრესიის შედეგად მიიღო თავისთვის გლობალური პრობლემა. ჩვენი პრობლემა ლოკალურიდან, რომელიც ჩვენს გარდა პრინციპში მაინცდამაინც არავისთვის პირველხარისხოვანი არ იყო, იქცა გლობალური პოლიტიკის პრინციპულ საკითხად.

ამგვარად, რეალურად ჩვენი სოფლების ტრაგედიის ხარჯზე, ჩვენი დაღუპული ადამიანების ხარჯზე და თუნდაც, – რა თქმა უნდა, რამდენიმე ათეული სოფელი ჩვენთვის  მძიმე დანაკარგია – დროებით მათი ოკუპაცია, დამატებით იმისა, რაც მათ ჰქონდათ ოკუპირებული, მაგრამ ამ მცირე ტერიტორიული მონაპოვრების – და რუსეთისთვის ეს იყო მცირე ტერიტორიული მონაპოვრები – ფასად მათ მიიღეს უზარმაზარი საგარეო პოლიტიკური პრობლემა.

საქართველო ყველაფერ ამიდან გამოვა გაძლიერებული და დღეს მინდა თამამად ვთქვა: ყველანაირი აგრესიული გეგმა უახლოეს პერსპექტივაში მათი ჩაშლილია და ომი, როგორც მათ წარმოედგინათ ან მათ თავის ოცნებებში და გეგმებში ჰქონდათ, აღარ იქნება.

Back to top button