ახალი ამბები

სააკაშვილს ერევანში ვიზიტისას საპროტესტო აქცია გაუმართეს

დღეს ერევანში მაშინ, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ტიგრან სარქისიანს ხვდებოდა მოეწყო საპროტესტო აქცია ჯავახეთში მცხოვრები საქართველოს სომეხი მოქალაქეების მხარდასაჭერად, იტყობინება სააგენტო ახალი ამბები-სომხეთი. 

თუმცა ადგილობრივმა სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს, რომელთა შორის ახალგაზრდული ორგანიზაციები ჭარბობდნენ, შეხვედრის ადგილას მიტინგის ჩატარების უფლება არ მისცეს და მათ მსვლელობა მოუწიათ მთავრობის სახლის უკანა შესასვლელისკენ, სადაც წაიკითხეს მიმართვა მიხეილ სააკაშვილისადმი, რომელშიც გაჟღერდა ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის მოთხოვნები.

კერძოდ, სააგენტოს თანახმად, მიმართვაში საუბარი იყო სომხური ენის მეორე სახელმწიფო ენად ცნობაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ასევე ამ რეგიონის ავტონომიური სტატუსის კონსტიტუციაში ასახვაზე, ერთობლივი სომხურ-ქართული უნივერსიტეტის შექმნაზე,  ასევე რეგიონში დემოგრაფიული სურათის ხელოვნურად შეცვლის ნაბიჯებზე უარის თქმაზე, სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების საჭიროებაზე და სომხეთთან რეგიონის მაცხოვრებლების კონტაქტებისთვის წინააღმდეგობის არ გაწევაზე. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვდნენ სომხური ეკლესიისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას საქართველოში.

”ვსარგებლობთ რა სომხეთში თქვენი ვიზიტით, გვსურს გადმოგცეთ თქვენი ქვეყნის სომეხი მოქალაქეების მოთხოვნები, რომლებიც არაერთხელ გადმოგეცათ, თუმცა უპასუხოდაა დარჩენილი,”- წაიკითხეს აქციის მონაწილეებმა სააკაშვილისადმი მიმართვაში.

24 ივნისს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი მიესალმა სომხურ-ქართულ ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებს და ასევე საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას ”შეამსუბუქოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა და შექმნას სამუშაო ადგილები ჯავახეთში”.

Back to top button