ახალი ამბები

სააკაშვილი ეუთოს მისიის ”დაკეტვას უარყოფითად” აფასებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოში ეუთოს მისიის დაბლოკვა უარყოფითად შეაფასა და იქვე განაცხადა, რომ  გრძელდება ბრძოლა დეოკუპაციისთვის

”მისია მრავალი წლის შემდეგ უნდა დაიკეტოს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ ფაქტს ვაფასებთ უარყოფითად,”- განაცხადა მან დღეს ეუთოს მისიის ხელმძღვანელთან ტერი ჰაკალასთან შეხვედრაზე.

”მაგრამ ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ საქართველო გააგრძელებს ბრძოლას დეოკუპაციისთვის, საქართველოს ყოველი მტკაველი მიწის განთავისუფლებისთვის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის სრული გავრცელებისთვის,”- განაგრძო მან, ”ჩვენ დაგვრჩა ახალი ბერლინის კედლის მიღმა ჩვენი მოქალაქეები, თუნდაც ორი მესამედი მათი გასულ ზაფხულში იქნა გაძევებული, მაგრამ ის ხალხი რამდენიმე ათასი რჩება – ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ კარგად იციან, რომ საქართველოს სახელმწიფო ეკუთვნის მათაც, მათ კარგად იციან, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათი უფლებები იქნას დაცული და ისინი დაუბრუნდნენ დედა სამშობლოს”.

სააკაშვილმა ტერი ჰაკალას გადასცა ღირსების ორდენი ”იმ მადლიერების გამოსახატავად, რომელიც ჩვენ გვაქვს მისიის, მისი ხელმძღვანელის და მისი თანამშრომლების მიმართ”.

Back to top button