
’შეწყვიტეთ ყაჩაღური თავდასხმები ახალგაზრდებზე’ – მიმართავს უსუფაშვილი ხელისუფლებას
ალიანსი საქართველოსთვის ლიდერებმა მოუწოდეს ხელისუფლებას შეწყვიტონ ”ყაჩაღური” თავდასხმები ახალგაზრდებზე, რომელთაც, მათი თქმით, ოპოზიციის ლიდერები არ აქეზებენ.
დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე საუბრისას, რომელიც ალიანსის ლიდერებმა გუშინ პარლამენტთან მომხდარ შეხლა-შემოხლას მიუძღვნეს, ითქვა, რომ ახალგაზრდების მხრიდან ”მორალურ ზეწოლას დეპუტატებზე” ხელისუფლებამ დაუპირისპირა ”ძალადობა”, შემდეგ დააპატიმრა ხუთი მათგანი და არც ადვოკატებთან და არც ოჯახის წევრებთან დაკავშირების ნება არ მისცა. დაკავებულებიდან ერთი – ბენო გეგეჩკორი – დღეს სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.
”ეს ქმედებები მართლაც იქნება გამოძიებული ობიექტური სასამართლოს მიერ. ჩვენ არ ვიქნებით მათი განმსჯელნი, მათი განმსჯელი იქნება მოსამართლე, რომელიც მათ საკადრისს მიუზღავს,”- განაცხადა რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, ”ყველას მივმართავ გონს მოეგონ, გონს მოეგონ და შეწყვიტონ მსგავსი ყაჩაღური თავდასხმები ახალგაზრდებზე”.
”თუ ვინმეს გონია ამ ახალგაზრდებს ჩვენ ვაქეზებთ, ჩვენ ვუხდით ფულს იმისთვის, რომ მათ იბრძოლონ თავისი უფლებებისთვის, საკუთარი სამშობლოსთვის, საკუთარი მომავლისთვის, ეს მათ სინდისზე იყოს,”- განაცხადა ახალია მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, ”მე სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ რომც გავჩერდეთ, ჩვენ რომც გავაჩეროთ, ისინი არ გაჩერდებიან”.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირებისას ადგილზე ოპოზიციის ლიდერები არ იმყოფებოდნენ და მათი ნაწილი იქ ინციდენტის თითქმის ამოწურვის შემდეგ მივიდა.