
ეროვნული ფორუმი რეგიონებში საპროტესტო აქციების გამართვას იწყებს
ეროვნული ფორუმი აქციების სხვა ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიებისგან დამოუკიდებლად 9 ივნისიდან რეგიონებში გასვლას და საპროტესტო აქციების გამართავს იწყებს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა და დასძინა, რომ სხვა ყველა პარტიას შეუძლია შეუერთდეს მათ. ეროვნულმა ფორუმმა ჯერ კიდევ 26 მაისის ფართომასშტაბიან აქციამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ დამოუკიდებლად მოქმედებას და რეგიონებში კამპანიის გაშლას გეგმავდა.
აქციები დაიწყება აჭარიდან, ხოლო 15-16 ივნისს გაგრძელდება ადიგენის რაიონში. აქციები გაიმართება გურიაში, სამეგრელოში, ზემო სვანეთში, რაჭაში, ქვემო და შიდა ქართლში.
11 ივნისს ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები მიტინგს გამართავენ თბილისში გაეროს ოფისთან და გაეროს მისიის წარმომადგენლებს გადასცემენ მიმართვის ტექსტს. კახა შარტავას განცხადებით, მიტინგზე მოსახლეობას გავაცნობთ რა მდგომარეობაა დღეს აფხაზეთთან მიმართებაში, რომ ”არსებობს საფრთხე იმისა, რომ გაეროს მისიის გარეშე დავრჩეთ აფხაზეთში”.
”ამ მნიშვნელოვანი საკითხების უყურადღებოდ დატოვება და ჩვენი მონაწილეობის გარეშე დატოვება ნიშნავს იმას, რომ შეიძლება სამუდამოდ დავკარგოთ პერსპექტივა საქართველოს გამთლიანების,”- განაცხადა მან.
კახა შარტავას განცხადებით ეროვნული ფორუმი 9 ივნისს აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ დაგეგმილ აქციაში თბილისის ორგანიზაციის 300 აქტივისტით იქნება წარმოდგენილი.
კახა შარტავას თქმით, ეროვნული ფორუმის გეგმებში არ შედის პოლიტიკურ გაერთიანებებში შესვლა.
”ურთიერთობების გაღრმავება იგეგმება ყველა ოპოზიციურ სუბიექტთან, რომელიც რეალურად გააგრძელებს ბრძოლას, რაც შეეხება ალიანსს და მასში შემავალ სუბიექტებს, გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა გაერთიანება ბლოკების და კოალიციის ჩამოყალიბება არ იგეგმება,”- განაცხადა შარტავამ.
დღესვე პრესკონფერენციაზე მოეწყო ეროვნული ფორუმის გაზეთის პრეზენტაცია, რომელიც ორ კვირაში ერთხელ გამოვა და მოსახლეობაში უფასოდ გავრცელდება.