skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობამ საკონსტიტუციო კომისიის შექმნაზე იმსჯელა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი წინადადებაა ახალი კონსტიტუციის პროექტის შემუშავება 31 დეკემბრამდე იქნას უზრუნველყოფილი.

დეპუტატებმა უმცირესობიდან ასევე მოუწოდეს პრეზიდენტს შეწყვიტოს რომელიმე კონსტიტუციური მოდელის სასარგებლოდ წინასწარ საუბარი.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მომხრეა ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტის ძლიერ პარლამენტთან ერთად მაშინ, როდესაც ქრისტიან-დემოკრატები საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს ღიად ლობირებენ. 

”საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ასეთი განცხადებებისაგან, რადგან ეს განცხადებები, ეს მიდგომა შეიძლება აღქმული იქნას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ხელშემშლელ გარემოებად,”- განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის და ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ.

დღეს უმცირესობის დახურული კონსულტაციების შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას, დეპუტატებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ კონსტიტუციის ახალი მოდელის რეფერენდუმზე დამტკიცების იდეას.

მათ დღევანდელ შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საკონსტიტუციო კომისიის პოტენციურ შემადგენლობასა და თავმჯდომარის კანდიდატურებზე.

პარტიიდან ”ჩვენ თვითონ” დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, უმცირესობის წინადადებაა, რომ კომისიაში შევიდეს ყველა ის პარტია, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე და ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საპარლამენტო უმცირესობა ასევე შეთანხმდა, რომ კომისიის თავმჯდომარე იყოს ნეიტრალური იურისტი და არა ოპოზიციის წარმომადგენელი, რასაც პრეზიდენტის შეთავაზება ითვალისწინებდა.

კომისიის თავმჯდომარეობის პოტენციურ კანდიდატებს შორის სახელდებიან საკონსტიტუციო სასამართლოს ორი ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი და ჯონი ხეცურიანი; ასევე იუსტიციის ყოფილი მინისტრი თედო ნინიძე; უზენაესი სასამართლოს ორი ყოფილი თავმჯდომარე ლადო ჭანტურია და მინდია უგრეხელიძე.

ლორთქიფანიძის თქმით, საპარლამენტო უმცირესობამ დასახელებული პიროვნებებიდან ორ კანდიდატზე შეაჩერა არჩევანი, თუმცა მან მათი დასახელებისაგან თავი შეიკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button