
ვაშაძე გაეროს სადამკვირვებლო მისიის შესახებ საუბრობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ თბილისი წინააღმდეგია საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის გაყოფის, როგორც ამას მოსკოვი და სოხუმი მოითხოვენ გაეროს უშიშროების საბჭოში მისიის მანდატის გაგრძელების საკითხის განხილვის წინ.
სოხუმი აცხადებს, რომ მისთვის მისაღებია მხოლოდ თბილისისგან დამოუკიდებელი, გაეროს მისიის არსებობა სეპარატისტულ აფხაზეთში.
”ამოცანა, ზოგადად, არის ის, რომ რუსეთის ფედერაციას არ მივცეთ საშუალება გაეროს სადამკვირვებლო მისიის ორად გაყოფის ან ისეთი შთაბეჭდილების შექმნის, თითქოს ეს მისია ორ სხვადასხვა სახელმწიფოში მოქმედებს,” – განუცხადა ჟურნალისტებს დღეს გრიგოლ ვაშაძემ.
მისი თქმით, მისიას უნდა დარჩეს ისეთი მანდატი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ”შეამოწმოს რუსეთის საოკუპაციო ჯარების და აფხაზური ბანდფორმირებების მოძრაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც ესაზღვრება ადმინისტრაციულ საზღვარს”.
მისიას, რომელსაც უშიშროების საბჭომ ოქტომბერში ოთხი თვით ტექნიკურად გაუგრძელა მოქმედების ვადა, მანდატი 15 თებერვალს ეწურება. მისი შემდგომი გახანგრძლივების საკითხს უშიშროების საბჭო 10 თებერვალს განიხილავს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა თავის მოხსენებაში უშიშროების საბჭოს მოუწოდა, რომ შეინარჩუნოს საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისია ”არსებული კონფიგურაციით”.