ახალი ამბები

ლუკაშენკო სეპარატისტული რეგიონების აღიარებაზე მოსკოვისგან ”ზეწოლას” უარყოფს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოსკოვი ზეწოლას ახდენს მინსკზე, რათა 100 მლრდ რუბლის კრედიტის გაცემის სანაცვლოდ ბელარუსისგან სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას მიაღწიოს.

”ეს არანაირად არ უკავშირდება ამ კრედიტებს,”- განაცხადა ლუკაშენკომ 5 თებერვალს ინტერვიუში, რომელიც ”ევრონიუსს” მოსკოვში ოფიციალურ ვიზიტით გამგზავრებამდე მისცა.

”ჩვენ ვერ მივიღებთ ვერანაირ ზეწოლას ვერც ევროპის მხრიდან და ვერც რუსეთისგან,”- განაცხადა მან, ”ჩვენ გვყავს არჩეული პარლამენტი, ის განიხილავს ამ საკითხს [სეპარატისტული რეგიონების აღიარების თაობაზე], ჩვენი კანონმდებლობის ფარგლებში შეიტანენ წინადადებებს და ჩვენ გადავწყვეტთ ამ პრობლემას”. 

ოფიციალურმა თბილისმა ცოტა ხნის წინ მოუწოდა მინსკს, რომ რუსეთის მხრიდან ”წნეხს” გაუძლოს და არ აღიაროს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა. ამ საკითხის განხილვა ბელარუსის პარლამენტში, გავრცელებული ინფორმაციით, აპრილში იგეგმება. 

სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებებმა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს აღიარების თხოვნით სექტემბერში მას შემდეგ მიმართეს, რაც რუსეთმა და მოგვიანებით, ნიკარაგუამ მათი დამოუკიდებლობა ცნო. 

ლუკაშენკომ 28 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთს არ ჰქონდა სხვა ”მორალური არჩევანი”, გარდა იმისა, რომ მხარი დაეჭირა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თხოვნისთვის ეღიარებინა ”მათი თვითგამორკვევის უფლება ფუძემდებლური საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად”.

Back to top button