ახალი ამბები

თბილისი ცალმხრივად დათანხმდა შეზღუდული შეიარაღების ზონებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას შორის ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, საქართველო დათანხმდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე შეზღუდული შეიარაღების ზონების შექმნას. 

28 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ამ ხელშეკრულების ზოგიერთი დეტალი წარ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დათანხმდა, რომ არ განათავსებს ერთ ბატალიონზე უფრო დიდი ზომის სამხედრო შენაერთს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან 15-კილომეტრიან ზონაში და ასევე სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე. სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, შეზღუდვის ზონა მოიცავს ზოგიერთ მონაკვეთზე დაახლოებით 15 კილომეტრს, ძირითადად სამხრეთით და ცალკეულ მონაკვეთებზე 15 კილომეტრზე ნაკლებს. 

საქართველოს თავდაცვის უწყება ასევე დათანხმდა, რომ ამ ტერიტორიებზე არ განათავსებს 120 მმ-ზე მეტი კალიბრის მქონე შეიარაღებას.

ამასთან, თავდაცვის სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ არ განალაგებს 60 მმ-დან 119 მმ-მდე კალიბრის მქონე ხუთ ერთეულზე მეტ შეიარაღებას ან ჯავშანმანქანას ამ კალიბრის მქონე შეიარაღებით.

ეს შეზღუდვები ნიშნავს რომ შეუძლებელი იქნება საარტილერიო სისტემების განთავსება ამ ტერიტორიებზე, რადგანაც, ევროკავშირის მისიის ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საარტილერიო სისტემების უმეტესობას 120 მმ-ზე მეტი კალიბრი აქვს. ეს ასევე ნიშნავს რომ შეზღუდვები ეხება სარაკეტო სისტემებს და საბრძოლო ტანკებს, რომლებსაც 120 მმ-იანი ქვემეხები აქვთ. 

საქართველოს შეუძლია განათავსოს მხოლოდ ხუთამდე ამგვარი სისტემა, მათ შორის საშუალო რადიოუსის ნაღმტყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტიორები. 

”ეს ქართულ შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის გარკვეულ შესაძლებლობებს აძლევს,” – განაცხადა კლივ ტროტმა, ევროკავშირის მისიის ოპერაციების უფროსის მოადგილემ, ”თუმცა ამ რაოდენობით შეუძლებელი იქნება თავდასხმითი ოპერაციის განხორციელება”.

მემორანდუმის თანახმად თავდაცვის სამინისტრომ ასევე წინასწარ უნდა აცნობოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დაგეგმილი სამხედრო წვრთნების თაობაზე თუ ეს წვრთნები ბატალიონზე მეტი რაოდენობის შენაერთი მონაწილეობს. 

ევროკავშირის დამკვირვებლებს შეეძლებათ საქართველოში განთავსებულ ყველა სამხედრო ობიექტზე შესვლა იმ პირობით, რომ მისია 24 საათით ადრე შეატყობინებს ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს.

თავდაცვის სამინისტრო ასევე დათანხმდა რეგულარულ შეხვედრებზე სამინისტროსა და ევროკავშირის მისიის მეკავშირე ოფიცრებს შორის, რათა ინფორმაციის გაცვლას რეგულარული ხასიათი ქონდეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, გერმანელმა დიპლომატმა ჰანსიორგ ჰაბერმა განაცხადა, რომ თავდაპირველად, როდესაც ოქტომბერში ამ საკითხზე ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები დაიწყო, მისია ”უფრო მეტი პირობის ჩადებას ისახავდა მიზნად”. 

”ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც კმაყოფილი ვართ იმით, რასაც მივაღწიეთ,” – დასძინა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ გარკვეული დრო დასჭირდა  ქართულ  მხარეს იმისათვის, რომ მემორანდუმით გათვალისწინებულ პირობებზე თანხმობა განეცხადებინა, რადგანაც საქართველოს ხელისუფლება აფასებდა ამგვარი შეთანხმების შესაძლო სამხედრო და დიპლომატიურ შედეგებს.  

”მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა თბილისის დაცვა შესაძლო თავდასხმისგან. ამრიგად, მათ უნდა შეეფასებინათ, თუ როგორ იმოქმედებს ეს შეთანხმება სხვადასხვა შესაძლო სცენარებზე და მეორე მხრივ, არსებობს მთელი რიგი დიპლომატიური უპირატესობებისა, რომლებსაც საქართველო ამ შეთანხმებით მოიპოვებს,”- აღნიშნა მან.

მისია მიესალმა საქართველოს ქმედებას ”როგორც გაბედულ და ცალმხრივ ნაბიჯს”, რომელიც მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ჰაბერის თქმით, რუსეთმა უნდა მიბაძოს საქართველოს მაგალითს.

”ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული არხი, რათა მოვიწვიოთ რუსები განიხილონ საპასუხო ნაბიჯების ვარიანტები და უზრუნველყონ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში არსებული მათი შეიარაღებული ძალების მეტი გამჭირვალობა და ასევე უკან დაიხიონ ადმინისტრაციული საზღვრების უშუალო სიახლოვეს არსებული ტერიტორიებიდან, ისევე როგორც ამას ქართველები აკეთებენ ამ შეთანხმებით,” – განაცხადა დიპლომატმა.

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ მისიას ”მცირე კონტაქტები” აქვს რუს სამხედროებთან ადგილზე და ამიტომ ის იძულებულია რუსეთთან საკონტაქტოდ ძირითადად დიპლომატიური არხები გამოიყენოს, უმეტესად ბრიუსელის საშუალებით. 

’მტკიცებულების მაღალი სტანდარტი’

ჰაბერმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ინციდენტების აღკვეთის და გამოძიების მექანიზმების შექმნა.

მისი თქმით, ცხინვალისა და სოხუმის მხრიდან მოხდა ამ საკითხის ”პოლიტიზირება.”

ადმინისტრაციული საზღვრების სიახლოვეს ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმებზე საუბარი დეკემბერში ჟენევის მოლაპარაკებებზე წარიმართა, მაგრამ კონკრეტული შეთანხმებით ვერ დასრულდა. ამ თემაზე მოლაპარაკებები ჟენევის შეხვედრის მორიგი რაუნდის დროს გაიმართება, რომელიც თებერვალში იგეგმება.

ჰაბერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიდგომაა სამართალდამცავებს შორის თანამშრომლობის ერთობლივი მექანიზმების შექმნა მხარეთა სტატუსის რაიმე ელემენტების ჩართვის გარეშე; თუმცა სოხუმსა და ცხინვალს სურთ გარკვეული აღიარების ელემენტი მოიპოვონ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის ფარგლებში, რაც გერმანელი დიპლომატის თქმით, საბოლოო შეთანხმების მიღწევას ხელს უშლის.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისია დიდი სიფრთხილით და ყურადღებით ეკიდება ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მომხდარი ინციდენტების გამოძიებას.

”პრობლემა ის არის, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ კონკრეტულ ინციდენტში რომელიმე მხარეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ მტკიცებულებების ძალიან მაღალ სტანდარტებს ვიყენებთ,” – განაცხადა მან.

ამასთან დაკავშირებით მან მოიყვანა 16 იანვრის ინციდენტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, როდესაც ერთი ქართველი პოლიციელი დაიღუპა. დიპლომატის თქმით, გასროლა განხორციელდა ”ალბათ შედარებით ახლო მანძილიდან, სამხრეთ ოსეთის გარეთ არსებული ტერიტორიიდან”.

”მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მინიშნებები არსებობს, არ არსებობს რაიმე ცალსახა მტკიცებულება, რაც ინციდენტის ავტორის გამოავლენაში დაგვეხმარებოდა,” – დასძინა ჰაბერმა.

Back to top button