
რესპუბლიკელებმა და მემარჯვენეებმა პოლიტიკური ალიანსი გააფორმეს
რესპუბლიკური პარტიის და ახალი მემარჯვენეების ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და დავით გამყრელიძემ 8 დეკემბერს ორ-პარტიული პოლიტიკური ალიანსის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს და განაცხადეს, რომ მათი ”სასურველი პარტნიორია” ირაკლი ალასანია, საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში.
ალიანსმა ხაზი გაუსვა, რომ მათი გაერთიანება არის პოლიტიკური და არა საარჩევნო ერთობა და გააჩნია პრეტენზია იყოს არსებული ხელისუფლების ”დემოკრატიული ალტერნატივა”.
ლიდერთა განცხადებით, ალიანსის მიზანია ხელისუფლების შეცვლა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გზით.
”ამ ალიანსის ძირითადი სამიზნე იქნება დემოკრატიული ალტერნატივის ჩამოყალიბება საქართველოში,”- განაცხადა პრეზენტაციაზე დავით გამყრელიძემ, ”ჩვენი ამოცანები იქნება, რომ უმოკლეს ვადაში საზოგადოება, ქვეყანა მოვამზადოთ ვადამდელი არჩევნებისთვის, უზრუნველყოთ ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა კონსტიტუციური მეთოდებით, არჩევნების გზით და მოვახერხოთ ამ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა”.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ახალი ალიანსი არ არის ”დახურული ერთობა” და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იგეგმება კონსულტაციები ყველა შესაძლო პარტნიორთან.
”ერთი თვის თავზე ეს კოალიცია საზოგადოების წინაშე წარსდგება სათანადო ფორმატით, ორგანიზაციული სტრუქტურით და ლიდერით, რომელიც შეძლებს დემოკრატიული ძალების გაერთიანებას უახლოეს მომავალში ხელისუფლების შესაცვლელად,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ლიდერობასთან დაკავშირებით ალიანსს კონსულტაციები ჰქონდა და ისევ გააგრძელებს ირაკლი ალასანიასთან, რომელიც უახლოეს დღეებში დაბრუნდება საქართველოში აშშ-დან და თავად განაცხადებს სამომავლო პოლიტიკური გეგმების შესახებ.
”ის ნამდვილად სასურველი პარტნიორია ამ ალტერნატივის ჩამოყალიბებაში და მას ნამდვილად აქვს რესურსი იყოს გამოკვეთილი ფიგურა დღევანდელ და ხვალინდელ საქართველოში,”- განაცხადა დავით გამყრელიძემ. ”ალასანიას გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია იმის გამო, რომ ის დაიღალა ან უბრალოდ აპირებს თავი დაანებოს პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ სასურველია თავად მას მოვუსმინოთ და მისგან გავიგოთ რამდენად აქტიურად აპირებს ის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას”.
ამასთან, ალიანსმა აღნიშნა, რომ აქცენტი კეთდება არა მხოლოდ ლიდერზე, არამედ ”ძლიერ პოლიტიკურ გუნდზე”.
ალიანსის ლიდერებმა ამ ეტაპზე თავი შეიკავეს პოტენციური პარტნიორების დასახელებისაგან. თუმცა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ მას პოლიტიკური პარტნიორობა ვერ წარმოუდგენია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ახლადდაფუძნებულ პოლიტიკურ ძალასთან, მაგრამ, მისი თქმით, დიალოგი შესაძლებელია ყველასთან, ”მათ შორის ხელისუფლებასთანაც”.
მისი თქმით, პარტნიორობა ვერ შედგება ვერც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან, თუ ის ”საპრეზიდენტო ამბიციებს” არ დათმობს.
”ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს ვერ წარმოუდგენია თავის თავი გარდა პრეზიდენტის როლისა და თუ ის მოახერხებს დაძლიოს მისი ეს ამბიცია და მზად იქნება, რომ ერთიან სტრუქტურაში დაეთანხმოს სხვა კანდიდატურას მომავალი პრეზიდენტისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა,”- განაცხადა გამყრელიძემ, ”სხვა შემთხვევაში, ალბათ ჩვენი გზები გაიყოფა”.
თუმცა ახალი ალიანსის ლიდერებმა იმავდროულად ხაზი გაუსვეს, რომ მხარს უჭერენ მრავალპარტიულ დემოკრატიას, სადაც პოლიტიკურ არენაზე იქნება რამოდენიმე ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა.
ალიანსისთვის ტაქტიკური საკითხია, თუ რომელი ვადამდელი არჩევნები ჩატარდება პირველად – საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო.
”ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლების შეცვლაზე და ტექნოლოგიურად ჯერ რომელი არჩევნები ჩატარდება ან ორივე არჩევნები ერთად თუ ცალკ-ცალკე, ეს პროცესის და მოლაპარაკებების საკითხია,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა, ”მე ვფიქრობ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა ქვეყნისთვის უკეთესი”.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ახალ მემარჯვენეებსა და რესპუბლიკელებს განხვავებული მიდგომები აქვთ, უკავშირდება მმართველობის მოდელს. რესპუბლიკელები საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრენი არიან, ახალი მემარჯვენეები კი კონსტიტუციური მონარქიის იდეას უჭერენ მხარს.
თუმცა ამ ეტაპზე ალიანსის პოზიციაა, რომ უახლოესი 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში კვლავ საპრეზიდენტო მმართველობა შენარჩუნდეს, მაგრამ დაბალანსებული, ძლიერი პარლამენტის პირობებში, რომელიც გამორიცხავს ერთპიროვნულ მმართველობას.
პარლამენტის უფლებების გაზრდა პრეზიდენტის უფლებების შეკვეცის ხარჯზე ალიანსის მოკლევადიანი გეგმის ნაწილია საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებასთან ერთად.