
რუსეთის ზოგიერთი ქმედება არაპროპორციული იყო – მერკელი
რუსეთის ზოგიერთი ქმედება საქართველოს მიმართ ”არაპროპორციული” და ”არაგონივრული” იყო, განაცხადა 15 აგვისტოს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან სოჭში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
”[რუსული] ჯარები წარმოდგენილი არიან საქართველოს ცენტრალურ რაიონებში, რაც არაგონივრულია,”- განაცხადა მან, ”საჭიროა ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულება და რუსულმა ჯარებმა უნდა დატოვონ საქართველოს ცენტრალური ტერიტორია”.
მან ასევე განაცხადა, რომ სურს უფრო მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იხილოს რეგიონში.
მედვედევმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უსაფრთხოების მთავარი გარანტორია, ის მაინც განიხილავს საერთაშორისო დამკვირვებლების თაობაზე წინადადებას. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ”საჭიროა მშვიდობისმყოფელებს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა ჰქონდეს”.
მერკელმა განაცხადა, რომ კიდევ 15 წელი აღარ უნდა დასჭირდეს კონფლიქტების მოგვარებას და საჭიროა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოძებნა.
მედვედევმა განაცხადა: ”იმის შემდეგ რაც მოხდა, აფხაზები და ოსები ადვილად ვერ იცხოვრებენ ქართველებთან ერთ სახელმწიფოში, ან ამისთვის უნდა იქნა მიღებული რაღაც ტიტანური ძალისხმევა ამ კონფლიქტის გადასაწყვეტად. რუსეთი, როგორც უსაფრთხოების გარანტორი კავკასიაში და რეგიონში მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არაორაზროვნად ასახავს ამ ორი კავკასიური ერის ნებას”.
პრესკონფერენციაზე საუბრისას ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ როგორც ქართველ, ისე ოს ხალხს.
გერმანიის კანცლერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ არ გადაიხედება აპრილში ნატოს ბუქარესტის სამიტზე გახმოვანებული პოზიცია საქართველოსა და უკრაინის ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ.
”მათ დრო მიეცათ. ისინი იქნებიან წევრები, თუ ეს მათ სურთ და ეს პოზიცია ძალაში დარჩება,”- განაცხადა მან.
გერმანიამ აპრილში მხარი არ დაუჭირა საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას და ეს საკითხი დეკემბრისთვის გადაიდო.