ახალი ამბები

აშშ საზღვაო, საჰაერო ძალები საქართველოს დახმარებას ჩამოუტანენ

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ის ურყევ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები არ შეესაბამება ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებას. 

13 აგვისტოს სპეციალური განცხადებით გამოსვლისას, სადაც მის გვერდით იდგნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და თავდაცვის მდივანი რობერთ გეითსი, ბუშმა განაცხადა, რომ აშშ ”მხარში უდგას საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას” და ”დაჟინებით მოითხოვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას”.

მან განაცხადა, რომ აშშ ფართო ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, სადაც უკვე გამოაგზავნა აშშ-ს C-17 თვითმფრინავი ჰუმანიტარული ტვირთით. პირველი ამერიკული თვითმფრინავი უკვე დაეშვა თბილისის აეროპორტში. 

ამერიკელების თბილისში ჩამოსვლას, როგორც ჩანს, არასპონტანური დახვედრა მოუწყვეს ქართველებმა ეროვნული და ამერიკული დროშებით ხელში, სადაც ისმოდა შეძახილები: ”ამერიკა,ამერიკა”. 

ბუშმა ასევე განაცხადა, რომ ის სამხედრო საზღვაო ძალების მეშვეობითაც მოაწვდის საქართველოს ჰუმანიტარულ და სამედიცინო ტვირთებს.

”ჩვენ ველით რუსეთისგან, რომ ის პატივს სცემს ვალდებულებას დაუშვას ყველა სახის ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ ველით რუსეთისგან იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხაზი, მათ შორის საზღვაო პორტები, აეროპორტები, გზები და საჰაერო სივრცე იქნება ღია ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად და მოქალაქეების ტრანზიტისთვის,”- განაცხადა მან.  

ამ განცხადებიდან მალევე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ СNN-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ სამხედრო საზღვაო ძალებით ჰუმანიტარული ტვირთის შემოტანა არ არის ამისთვის საუკეთესო გზა.

განცხადებაში ბუშმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა დაადასტურა, რომ არ ცდილობს რეჟიმის შეცვლას საქართველოში. ”აშშ და მსოფლიო ელის რუსეთისგან ამ ვალდებულების პატივისცემას,”- აღნიშნა მან. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსული ძალების უკანასკნელი მოქმედებები – პოზიციების დაკავება გორთან და საქართველოს დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის პარალიზება, ფოთის პორტში ქართული გემების აფეთქება – შეუსაბამოა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებულ ვალდებულებასთან.

”სამწუხაროდ, ჩვენ ვიღებთ ცნობებს რუსეთის ქმედებებზე, რომლებიც შეუსაბამოა მათ განცხადებებთან,”- განაცხადა ბუშმა და დაამატა: ”ჩვენ შეშფოთებული ვართ ინფორმაციით, რომ საქართველოს ყველა ეთნიკური კუთვნილების მოქალაქენი არ არიან დაცულები. ყველა ძალას, მათ შორის რუსულ ძალებს, აქვთ ვალდებულება დაიცვან უდანაშაულო მოქალაქეები შეტევებისგან”.

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან ვრცელდება ინფორმაცია ძალადობის და მარადიორობის ფაქტების შესახებ მიმდებარე სოფლებში. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ იგი სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს აგზავნის ჯერ საფრანგეთში პრეზიდენტ სარკოზისთან შესახვედრად, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე იშუამავლა და შემდეგ საქართველოში, სადაც ის პირადად გადასცემს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლებას და მის ხალხს.

”ამ ვიზიტის დროს იგი განაგრძობს ჩვენ მცდელობებს შეკრას მთელი თავისუფალი სამყარო თავისუფალი საქართველოს დასაცავად,” – განაცხადა მან.  

”რუსეთის მიმდინარე ქმედებები სერიოზულ კითხვებს ბადებს მის გეგმებთან დაკავშირებით საქართველოში და რეგიონში. გასულ წლებში, რუსეთი ესწრაფვოდა 21-ე საუკუნის დიპლომატიურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაციას. აშშ მხარს უჭერდა ამ მცდელობას. ახლა კი რუსეთი მის ამ მისწრაფებას რისკის ქვეშ აყენებს საქართველოში მოქმედებით, რაც შეუსაბამოა ამ ინსტიტუტების პრინციპებთან,”- განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

”აშშ-სთან, ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენის დასაწყებად და მსოფლიოში მისი ადგილის აღდგენის დასაწყებად, რუსეთმა თავისი პირობა უნდა შეასრულოს და იმოქმედოს ამ კრიზისის დასასრულებლად,”- თქვა მან.

Back to top button