
მთავრობა დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ აფრთხილებს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ ეს ქმედება ისჯება კანონით.
”მოსახლეობაში პანიკის დათესვის მცდელობა საომარი მდგომარეობის დროს წარმოადგენს დანაშაულს და ისჯება კანონით,” – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ”დეზინფორმაციის გავრცელება აღკვეთილი იქნება სამართალდამცავის სტრუქტურების მიერ”.
მისი თქმით, ვრცელდება სხვადასხვა ”ჭორები” თითქოს თბილისის ცენტრში საპატრულო პოლიცია მოსახლეობას ევაკუაციისაკენ მოუწოდებს, თითქოს გორში რუსული ძალები შევიდნენ და თბილისისკენ დაიძრენ, თითქოს ათასობით ჯარისკაცი დაკარგა ქართულმა მხარემ, თითქოს ზემო აფხაზეთი დაეცა.
”ეს არის აბსურდული ტყუილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას,” – განაცხადა ეკა ზღულაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე, ” მინდა ძალიან ვთხოვო და მოვუწოდო ქართულ ჟურნალისტებს არ გაავრცელონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, განსაკუთრებით რომელიც არანაირად არ უწყობს ხელს ახლა ქვეყნის სტაბილურობას და ძაბავს კიდევ სიტუაციას”.
იმავდროულად, მან განაცხადა, რომ გრძელდება ქართულ ელექტრონულ სივრცეზე შეტევა, დაბლოკილია ქართული საინფორმაციო და სამთავრობო ვებ-გვერდები.
”ამჟამად მიმდინარეობს ქართული ვებ-გვერდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა და ყველა ქართული ვებ-გვერდი, რომელიც დროებით შეჩერებულია, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას,”- განაცხადა ზღულაძემ.