
რუსეთი აფხაზეთში შავი ზღვის ფლოტს აგზავნის
აფხაზეთში რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის გაგზავნის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს მოსკოვში საქართველოს საელჩოს წერილობით აცნობა.
”რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 61-ე მუხლის და უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილებით რუსეთი აგზავნის შავი ზღვის ფლოტს აფხაზეთის სანაპიროსთან (ოჩამჩირის რაიონი) რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად და მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებისთვის სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილში.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ აფხაზეთის სანაპიროზე იმყოფება რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტი.
ცოტა ხნით ადრე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ აფხაზურმა ძალებმა იერიში მიიტანეს ქართული ძალების წინააღმდეგ ზემო კოდორის ხეობაში მათი იქიდან გამოდევნის მიზნით. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ყველა შეტევა მოგერიებული იქნა.