ახალი ამბები

ბუშმა-მედვედევმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე იმსჯელეს

•ბუშმა 6 აგვისტოს სტატუს ქვოს დაბრუნებისკენ მოუწოდა;
•მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს ძალებმა უნდა დატოვონ სამხრეთ ოსეთი;
•სააკაშვილმა ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აშშ-ს პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან 9 აგვისტოს გამართული სატელეფონო საუბრისას ცეცხლის შეწყვეტის პირობები გაახმოვანა, იტყობინება კრემლი.

მედვედევმა განაცხადა, რომ ქართული ძალების გამოყვანა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან არსებული კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზაა. მან იქვე დასძინა, რომ თბილისმა ხელი უნდა მოაწეროს შეთანხმებას ძალის არგამოყენების თაობაზე.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ”ბარბაროსულ ქმედებებს” მოყვა ათასობით მსხვერპლი და ფართომასშტაბიანი ნგრევა.

პრეზიდენტმა ბუშმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მთელი სერიოზულობით ეკიდება საქართველოში არსებულ სიტუაციას.

”მოვუწოდებთ დასრულდეს რუსეთის მიერ დაბომბვები და მხარეები დაუბრუნდნენ 6 აგვისტოს არსებულ სტატუს ქვოს,” – განაცხადა ბუშმა.

6 აგვისტოს სტატუს ქვოს აღდგენა ნიშნავს საქართველოს და რუსეთის მიერ ყველა დამატებითი ძალების და სამხედრო ტექნიკის გამოყვანას რეგიონიდან.

პრეზიდენტი ბუში 9 აგვისტოს პრეზიდენტ სააკაშვილსაც ესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თბილისი მზად არის რეგიონის დემილიტარიზაცია განახორციელოს, თუ რუსეთი თავის ძალებს გამოიყვანს სამხრეთ ოსეთიდან.

Back to top button