
ახალი ამბები
სააკაშვილი გამორიცხავს ცხინვალის რეგიონიდან ძალების გამოყვანას
პრეზიდენტმა სააკაშვილმა BBC World-თან ინტერვიუში გამორიცხა ქართული ძალების გამოყვანის შესაძლებლობა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთიდან.
წამყვანის კითხვაზე არის თუ არა ის მზად, რომ ძალები გამოიყვანოს სამხრეთ ოსეთიდან, სააკაშვილმა რიტორიკული კითხვითვე უპასუხა: ”ძალები გამოვიყვანო საქართველოს ტერიტორიიდან?”
”ეს საქართველოს ტერიტორიაა და ჩვენ დაუყონებლივ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა; ჩემი სურვილია, რომ მივაღწიოთ საერთაშორისო შუამავლობას; ჩემი სურვილია, რომ მივაღწიოთ ძალთა დაშორიშორებას საერთაშორისო ჩარევით; ჩვენ უნდა დავამყაროთ ნორმალური რეჟიმი საერთაშორისო ზედამხედველობით,” – განაცხადა მან.