
ევროპის საბჭო, საპარლამენტო ასამბლეა ცეცხლის უპირობო შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა განაცხადა, რომ საქართველო სრულმასშტაბიანი ომის ზღვარზე დგას, რასაც სავალალო შედეგები ექნება რეგიონის მოსახლეობისთვის.
”ყველამ უნდა შეიკავოს თავი იმგვარი ქმედებებისგან, რაც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოსახლეობას. უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს დაუყონებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. ამას უნდა მოყვეს პირდაპირი მოლაპარაკებები, რათა მოიძებნოს მშვიდობიანი და პერმანენტული მოგვარების გზა,” – ნათქვამია ევროპის საბჭოს მიერ 8 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლუი მარია დე პუიგმა მხარეებს ძალადობის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
”მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და მოვუწოდებ მხარეებს ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ აღკვეთონ შემდგომი ძალადობა,” – განაცხადა მან. ”ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ომი და დაძაბულობა”.